მახე ხალხისთვის – იყო თუ არა ღობე რომლის წაქცევისთვის 40-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაუშვეს, წინასწარ გადაჭრილი.
“შაბათის ეთერმა” მრავალათასიანი ჩანაწერები გაშიფრა და მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ღობე სავარაუდოდ გადაჭრილია და მავთულებით მიბმულია რკინის კონსტრუქციას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ გადაღებულ ბრალდების დასადასტურებლად გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ღობის წაქცევას სულ რამდენი წამი სჭირდება. უწყვეტ ფაილში ვითვლით და სტრატეგიული ობიექტის დასაცავად აგებული ზღუდე მიწოლიდან 4 დათვლაში იქცევა. გრაფიკული დამუშავების დახმარებით, შესაძლებელია იმის დანახვა, რომ რკინის კონსტრუქცია გადაჭრილი იყო წინასწარ.
კიდევ ერთი კადრი “ტვ პირველმა” უკვე 5 ოქტომბერს, დილით ადრე გადაიღო. ეს ის დროა, როდესაც რკინის კონსტრუქციის ნაწილები ჯერ კიდევ ადგილზეა. ახლო ხედით გადაღებულ გამოსახულებაში ჩანს, რომ რკინის საყრდენი ძელები კი, რომელიც ოფიციალური ვერსით მომიტინგეებმა შეანგრიეს დეფორმირებულიც კი არ არის.
ვიდეომასალაში, რომელიც ჩვენმა რამდენიმე კამერამ გადაიღო, ჩანს რომ მას შემდეგ რაც მოქალაქეებმა, სასახლესთან გადანაცვლება გადაწყვიტეს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რვა თანამშრომელი ჭიშკრის ჩაკეტვას იწყებს.
“შაბათის ეთერმა” მოიპოვა ანზორ ჩუბინიძის ოფიციალური წერილი, სადაც ის წერს, რომ 4 ოქტომბერს როდესაც ქვეყანაში დიდი დემონსტრაცია იყო დაანონსებული, პრეზიდენტის სასახლის დასაცავად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხოლოდ რვა თანამშრომელი იყო მივლენილი. მათგან რამდენიმე კი არა გამოცდილი კადრი, არამედ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი წვევამდელი იყო.
“ტვ პირველის” მიერ გაშიფრული კადრების თანახმად, ვიდრე ღობე არ გადავარდა, მომიტინგეები, რომლებსაც პერიოდულად არაიდენტიფიცირებადი პირების შეძახილები ესმით, ეზოში მხოლოდ სასახლის დაცვას ხედავენ, არადა ამ დროს სპეცრაზმი სასახლეშია, მაგრამ არ გამოდის. რობოკოპები ელოდებიან, როდის გადავარდება ღობე და როდის გაჩნდება მტკიცებულება მათ წინააღმდეგ. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ სპეცრაზმი სასახლიდან მხოლოდ ამის შემდეგ გამოდის.
















