მახათას მთაზე ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო

მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე სულ 2600 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგვება. ზეთისხილის ბაღების გაშენების პროცესში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შვილებთან ერთად მიიღო. გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, ნინო სულხანიშვილი და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა. ზეთისხილის ნერგები თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმაც დარგეს. გამწვანების აქციას სულ 250 სტუდენტი შეუერთდა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ახალგაზრდების ჩართვა მსგავს ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, თითოეული ჩვენგანის საცხოვრებლად, უკეთესი გარემო ერთობლივი ზრუნვით უნდა შეიქმნას.

“მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზეთისხილის ნერგები, რომლებსაც მახათას მთაზე ვრგავთ საკმაოდ მოზრდილი და მსხმოიარეა. მომდევნო წლიდან ეს ნერგები უკვე ნაყოფს მოისხამს. ამით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ერთის მხრივ, ვამწვანებთ ჩვენს ქალაქს, მეორეს მხრივ კი ეს ტერიტორია სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ზეთისხილის ნერგები, კონტრაქტორმა კომპანიამ თურქეთიდან ჩამოიტანა და ნარგავების მოვლა-პატრონობას ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში სულ 80 000 ხე-მცენარე დაირგვება.

banner
წინა სტატიაში“ვინც უკადრებელი იკადრეთ, ვინც უზრდელობთ, ვინც სიბინძურეს ავრცელებთ, განცხადების ეს ნაწილი თქვენ გეხებათ”
შემდეგი სტატია“კოპიტნარის” ხიდიდან მიკროავტობუსი გადავარდა