მაკა სოლოღაშვილი : პირბადის ტარებაზე ახალი რეგულაციები არის შეხსენება მოსახლეობისთვის, რომ არ უნდა მოვდუნდეთ

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის დაწესება მოსახლეობისთვის შეხსენებაა, რომ „არ უნდა მოვდუნდეთ“.

„ნებისმიერი ადამიანი შეიძლება, შეეჩვიოს სიტუაციას და მოადუნოს ყურადღება უსაფრთხოების კუთხით. საჭიროა, რომ პერიოდულად შემოვიდეს, თუნდაც ახლა, ახალი რეგულაციები.

ნიღაბზე აქამდეც იყო რეგულაცია და მოთხოვნა, ეს იყო საჭირო და დროული მოთხოვნა. ეს არის ხელახალი შეხსენება და მოწოდება მოსახლეობისთვის, რომ არ მოვდუნდეთ და პირადი უსაფრთხოების დაცვის ჩვევები კვლავ გვქონდეს უნარ-ჩვევების დონეზე გადატანილი“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის.

ცვლილებათა პროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 50 ლარით. ამასთან, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით.

banner
წინა სტატიაშიბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობაა საყურადღებო
შემდეგი სტატიაგიორგი ახვლედიანმა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა