მაკა სოლოღაშვილი : ჩვენს კლინიკაში მყოფი 18 წლამდე ასაკის შვიდი ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 42 პაციენტი მკურნალობს, მათგან 21-ს დადასტურებული აქვს „კოვიდ-19“-ის ინფექცია. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკას ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გუშინ დაემატა.

„ერთი პაციენტია დამატებული, ჩვენთან გუშინ გამოვლინდა ერთი პაციენტი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით. ცხრა პაციენტი საყურადღებოა, რაშიც მოიაზრება ორმხრივი პნევმონია და შესაბამისი მაჩვენებლები. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა და განმარტა, რომ ახალი პაციენტი ინფიცირებული სასულიერო პირის კლასტერიდან არ არის.

ამასთან, მისი თქმით, კლინიკაში შვიდი 18 წლამდე ასაკის პაციენტი იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„13 პაციენტი ემზადება ამ დროისთვის კვლევაში ჩასართავად. ახალი პაციენტი სასულიერო პირის კლასტერი არ არის. მისი ინფიცირების წყარო არის ქვეყნის შიდა გადადება“, – განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ასევე, სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, მისი დისშვილის მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე დაახლოებით ხუთი პირის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : სოციალურ ქსელში ჩემი სახელით გავრცელებული ყველა ინფორმაცია ყალბია, მე „ფეისბუქით“ არ ვსარგებლობ