მაკა დე ლამეიორი – „ახალი ტექნოლოგიებიდან ახალ ბიზნესმოდელებამდე“

“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საკმარისად დიდი სამეცნიერო პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ აქტიურად იყოს ჩართული ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში. ეს ის სფეროა, რომლითაც დღეს დაინტერესებულია როგორც ბიზნესწრეები, ასევე საზოგადოება. ვფიქრობთ, რომ სტუ-ში დაგროვილი ცოდნა ვერ პოულობს სათანადო ასახვას ინოვაციებში. რისი ცოდნაა აუცილებელი ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მკვლევარებისთვის, მაგისტრატურისა თუ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის იმ პროცესში, რაც სამეცნიერო შრომების ტექნოლოგიურ ინოვაციებში გადატანას ახლავს თან, იმ ფონზე, როდესაც ინოვაციების ბაზარი სწრაფად ვითარდება და მისი კვლევა გვიჩვენებს, რომ მოთხოვნა მუდმივად მზარდია“, – განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საგანგებოდ მიწვეული ანტვერპენის მენეჯმენტის სკოლის (Antwerp Management School) კვლევებისა და განვითარების მიმართულების დირექტორი, პროფესორი მაკა დე ლამეიორი წარუდგინა.

ანტვერპენის მენეჯმენტის სკოლის კვლევებისა და განვითარების მიმართულების დირექტორმა მაკა დე ლამეიორმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პრეზენტაცია – „ახალი ტექნოლოგიებიდან ახალ ბიზნესმოდელებამდე“ – გამართა და იმ ძირეულ საკითხებზე, მეთოდოლოგიებსა და მენეჯმენტის გზებზე, ასევე, ამ სფეროში დაგროვილ იმ საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანია სამეცნიერო შრომების ტექნოლოგიურ ინოვაციებში ასახვისა და ახალი ბიზნესმოდელების შექმნის პროცესში.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა უნივერსიტეტმა მხარი აუბას იმ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიო მასშტაბითაა აქტუალური, მითუმეტეს, რომ მას დიდი სამეცნიერო პოტენციალი გააჩნია და სავსებით შესაძლებელია, რომ ინოვაციების დანერგვის კუთხით სტუ-ში არაერთ მნიშვნელოვან სტარტაპს ჩაეყაროს საფუძველი. რატომ არ უნდა ვეცადოთ, რომ ქართული სამეცნიერო გამოცდილება ახალ ინოვაციებში გადავიტანოთ და მომხმარებელს შევთავაზოთ? ჩემი პრეზენტაციით მინდოდა მეჩვენებინა, თუ რამდენადაა შესაძლებელი მსოფლიოში აპრობირებული მეთოდოლოგიებისა და მენეჯმენტის ფორმების გამოყენება ინოვაციების დანერგვისას. არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე ბატონ არჩილ ფრანგიშვილთან და სწორედ მისგან მაქვს ინფორმაცია, თუ რა მიმართულებების განვითარებას გეგმავს უნივერსიტეტი ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. იმის გათვალისწინებით, რომ ინოვაციებისთვის არ არსებობს საზღვრები, ქართველ მეცნიერთა მიერ დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით, შესაძლებელია ისარგებლოს როგორც ქართველმა, ისე ამერიკელმა თუ გერმანელმა მომხმარებელმა. ინოვაციებით ხომ საზრდოობს ბიზნესიც და სარგებლობს საზოგადოებაც“, – აღნიშნა მაკა დე ლამეიორმა.
„თაიმერი“ ესაუბრა ქალბატონ მაკა (ხარატიშვილი) დე ლა მეიორს:

_  ქალბატონო მაკა, რა არის თქვენი პრეზენტაციის მიზანი?

_ საქართველოში დიდი პოტენციალია, განსაკუთრებით კი ტექნიკურ უნივერსიტეტში, იმისთვის, რომ ინოვაციებში სამეცნიერო შრომის გადატანა მოხდეს. ჩემი პრეზენტაციაც იმ მიზნით გავაკეთე, რომ გამეცნო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებისთვის, კურსდამთავრებულთათვის, ბაკალავრის, მაგისტრატურის თუ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ის ახალი მეთოდოლოგიები და უახლესი ტექნიკური შესაძლებლობები, რისი ფლობაც, ცოდნაც აუცილებელია იმისთვის, რომ სამეცნიერო ნაშრომები ინოვაციებში აისახოს. ამით კი, სამომავლოდ, ინვესტორი და მომხმარებელი დავაინტერესოთ. ვფიქრობ, რომ დიდი ცოდნაა დაგროვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგრამ  ეს ცოდნა ვერ პოულობს სათანადო ასახვას ინოვაციებში. არადა, ინოვაციები იქმნება ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ჩვენ ვართ მათი საბოლოოო მომხმარებელი, რადგან მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. აქ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტიც – ტექნოლოგიური ინოვაციები სწრაფად ვითარდება, რადგან ბაზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ მუდმივად ახალ-ახალი მოთხოვნა ჩნდება ისევ და ისევ მომხმარებლის მხრიდან. ჩემი პრეზენტაციით მინდოდა გამეზიარებინა, როგორც ანტვერპენის (ბელგია) მენეჯმენტის სკოლის, ასევე ჩემ მიერ დაგროვილი გამოცდილება ამ მიმართულებით, მინდოდა მეჩვენებინა, რომ ეს პროცესი სრულებით არ არის რთული; მინდოდა მეჩვენებინა, თუ როგორ არის შესაძლებელი მსოფლიოში აპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენება, რომლებიც, რა თქმა უნდა, სამეცნიერო შრომებს ეფუძნება. ეს ყველაფერი მინდოდა ფართო აუდიტორიისთვის გამეცნო. დარწმუნებული ვარ, ქართულ ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ზუსტად ასეთ კადრებს ზრდის, შეუძლია იმის გაკეთება, რაზეც ჩემს პრეზენტაციაში ვსაუბრობ. ვფიქრობ, რომ აუცილებელია, ინოვაციებისა და მეცნიერების შერწყმის მოქმედი მეთოდოლოგიების შესახებ დაგროვილი ცოდნა სტუ-ში მომზადებულმა კადრებმა მიიღონ.

_ რატომ კონკრეტულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და  როგორ  აფასებთ მის შესაძლებლობებს, რას სთავაზობთ სამომავლოდ?

_ აუცილებლად ჩვენი ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მეც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ. ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს ინფორმაცია, რა ხდება ამ უნივერსიტეტის კედლებში, თუ როგორი მაღალი კლასის პროფესურა ჰყავდა და ჰყავს ამ უნივერსიტეტს, კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები.

ჩემი პაპაც და მშობლებიც ამ უნივერსიტეტის პროფესორები იყვნენ. პაპაჩემი – გიორგი ხარატიშვილი 1947 წლიდან იყო პოლიტენიკური ინსტიტუტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგე. მანვე დაარსა ინსტიტუტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმი, რომელიც დღესაც მოქმედია და მის სახელს ატარებს. მამაჩემი, ნოდარ ხარატიშვილი მრავალარხიანი კავშირგაბმულობის კათედრის გამგე იყო და, პარალელურად, ხელმძღვანელობდა ციფრული ტექნიკის კვლევით ლაბორატორიას, ასევე, გარკვეული პერიოდის მანძილზე იყო პოლიტენიკური ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. დედაჩემი კი, ლია ხარატიშვილი – საინფორმაციო საზომი ტექნიკის კათედრის პროფესორი, უნივერსიტეტის ქალთა კომიტეტის ერთ-ერთი დამარსებელი, ამჟამად პროფესორი-ემერიტუსია. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

არაერთხელ გვისაუბრია ინოვაციების თემაზე უნივერსიტეტის რექტორთან, ბატონ არჩილ ფრანგიშვილთან და სწორედ მისგან მაქვს ინფორმაცია, თუ რა მიმართულებების განვითარებას გეგმავს უნივერსიტეტი ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, პირადად გამეცნო ინოვაციების დანერგვის მეთოდოლოგიები უნივერსიტეტის ფართო აუდიტორიისთვის. გულწრფელად მიხარია, რომ პირველივე შეხვედრამ უკვე ასეთი დაინტერესება გამოიწვია.  დღეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა უნივერსიტეტმა მხარი აუბას იმ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიო მასშტაბითაა აქტუალური, მითუმეტეს, რომ მას აქვს დიდი სამეცნიერო პოტენციალი და სავსებით შესაძლებელია, რომ ინოვაციების დანერგვის კუთხით სტუ-ში არაერთ მნიშვნელოვან სტარტაპს ჩაეყაროს საფუძველი. სტუ-ში არაერთი კვლევა ტარდება, ამ უნივერსიტეტს აქვს შესანიშნავი გამოგონებები, აქვს მაღალი დონის სამეცნიერო პროგრამები. რატომ არ უნდა ვეცადოთ, ეს სამეცნიერო გამოცდილება პრაქტიკაში, ახალ ინოვაციებში გადავიტანოთ და მომხმარებელს შევთავაზოთ? აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ ქართველ მომხმარებელს, ვგულისხმობ მსოფლიო მასშტაბით მომხმარებელს. დიახ, ქართველ მეცნიერთა მიერ დანერგილი ინოვაციებით, დღეს, შესაძლებელია ისარგებლოს როგორც ქართველმა, ისე ფრანგმა, ამერიკელმა, გერმანელმა თუ ბელგიელმა მომხმარებელმა. დღეს, ინოვაციებისთვის არ არსებობს საზღვრები და ერთ ინოვაციას დიდი სისწრაფით ენაცვლება ან ემატება სხვა ინოვაცია, ამით  საზრდოობს ბიზნესიც და სარგებლობს საზოგადოება, მომხმარებელი.

_ თქვენი ძირითადი საქმიანობის შესახებ და რა გზა გაიარეთ ამის მისაღწევად?

_ რამდენიმე წელია ანტვერპენის მენეჯმენტის სკოლის (Antwerp Management School) კვლევებისა და განვითარების მიმართულებას ვხელმძღვანელობ, ჩვენებურად –  პრორექტორი ვარ. ანტვერპენის მენეჯმენტის სკოლა საკმაოდ ცნობილი და ქმედითი საერთაშორისო უმაღლესი სასწავლებელია, შეგიძლიათ მის ოფიციალურ ვეგვერდზე antwerpmanagementschool.be მოიძიოთ ამომწურავი ინფორმაცია ამ უმაღლესი სკოლის, მისი საერთაშორისო პროგრამებისა და სწავლების მეთოდების შესახებ. ასევე, ვხელმძღვანელობ ინოვაციების ცენტრს, რომელიც ბელგიაში, ქ. კორტრეიკში მდებარეობს და ვთანამშრომლობ არაერთ საერთაშორისო პროგრამასთან.

 

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიც გავხდი. როგორც უკვე გითხარით, მეც ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1985 წლიდან კი, გერმანიაში, დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურაში ვსწავლობდი, რის შემდეგაც, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკის კათედრაზე ვიმუშავე და ისევ გერმანიაში დავბრუნდი. ჩემი სპეციალობით მუშაობა ჯერ ჰენრი ჰერცის კვლევით ინსტიტუტში დავიწყე, შემდეგ კი კომპანია „სიმენსში“ გავნაგრძე. საცხოვრებლად ბელგიაში გადასვლისთანავე, კომპანია „ფილიპსის“ თანამშრომელი გავხდი, ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების კუთხით. ამჟამადაც ბელგიაში, ანტვერპენში ვცხოვრობ, ჩემს ოჯახთან ერთად. დე ლამეიორი ჩემი ქორწინების გვარია. სამი შვილი გვყავს, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ ცალკეც და ოჯახთან ერთადაც. მშობლებთან, ძმასთან და მეგობრებთან ხშირად ვურთიერთობ, ზოგჯერ ყოველდღიურადაც – სოციალური ქსელები მონატრებასა და სიშორეს ადვილად აქარწყლებს.

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიგაერო პალესტინა-ისრაელის საზღვარზე მომხდარი შემთხვევის გამოძიების მოწოდებას აკეტებს
შემდეგი სტატიაჩხოროწყუში მოსწავლის შესაძლო სექსუალური შევიწროებისთვის 70 წლის მასწავლებელი დააკავეს