მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში – “EU-Georgia Business Forum 2022“.

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხების მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხების ფარგლებში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი თვალსაჩინო და ხელშესახებია სხვადასხვა სფეროში რეფორმების წარმატებით განხორციელებაში. მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ინვესტიციების მიმზიდველობის თვალსაზრისით, ჩვენმა დაუღალავმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა საქართველო რეგიონში ლიდერ ქვეყანად გადაგვექცია. ევროპულ ბაზარზე რეალური ინტეგრაციისთვის გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და ამ პროცესში ბიზნესს ნამდვილად განსაკუთრებული როლი ენიჭება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღეს გამართული ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს ბიზნეს სექტორში არსებული მიღწევების, გამოწვევებისა და ზოგადი ტენდენციების გაცნობა, ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტის – „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებული ბიზნეს გარემოს კვლევის წლიური ანგარიშისა და ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის (EECP) პრეზენტაცია.

ფორუმში საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ქართული და ევროპული ბიზნეს სექტორის, საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ გერმანიისგან Panzerhaubitze2000-ები გაწვრთნილ ეკიპაჟთან ერთად მიიღო
შემდეგი სტატიაეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ტვირთი შეუმსუბუქდებათ