მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა.

მხარეებმა, საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების დიდი ნაწილის წარმატებით იმპლემენტაციასა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. საუბარი ასევე, შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ადგილზე შექმნილ რთულ ვითარებას.

კომიტეტის თავმჯდომარემ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად, რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივის მკაფიო მხარდაჭერისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

მარია თეოდორუმ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმული ნაბიჯები და საბერძნეთის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიულ-კულტურული კავშირები აღინიშნა, რაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საფუძველს იძლევა.

მაკა ბოჭორიშვილმა მარია თეოდორუს საბერძნეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიეკა სეფაშვილი: საქართველო მოწინავე პოზიციებს ფლობს არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის
შემდეგი სტატიანებისმიერი ადამიანი, ვინც იქნება წინააღმდეგი საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების კუთხით, არის ქვეყნის მტერი – დეკანოიძე