მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს მოქალაქეებს, ამ ხელისუფლების პირობებში, არასოდეს შეზღუდვიათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ

„აქტიურ ფაზაში გადავიდა ოპოზიციის და მათი დანამატი ორგანიზაციების მიზანმიმართული კამპანიები, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის 9 ნაბიჯის შესრულების მიზნებთან. პირველი – ეს არის არჩევნებთან დაკავშირებით წარმოებული კამპანიები“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის ქვაკუთხედია.

„შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, არჩევნების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ჯერ კიდევ 4 წლის წინ უსაფუძვლო ბოიკოტით დაიწყო, ახალ ეტაპზე გადავიდა. რას ემსახურება ცრუ განგაში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელსაც არ წყვეტთ, მიუხედავად არაერთი განმარტებისა და პირიქით, ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობთ ყოფილი თუ მოქმედი პრეზიდენტების ჩართვით ამ სიყალბეში?!“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, ამ ხელისუფლების პირობებში, არასოდეს შეზღუდვიათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ.

„არჩევნების ჩატარებას აქვს თავისი წესი და საგარეო საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუქმნია პრობლემა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, არჩევნების ადმინისტრირების პროცესში. საქართველოს არც ერთ საკონსულოს, არ შეუფერხებია მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პროცედურა. პირიქით, უზარმაზარი ძალისხმევა იხარჯება იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, იყვნენ სათანადოდ რეგისტრირებული“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ

მისივე ინფორმაციით, ოპოზიციამ კარგად იცის, 2018 წელს, დაახლოებით 50 000 ამომრჩევლისთვის 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა, თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი მოგზაურობენ ქვეყნიდან ქვეყანაში, ატყუებენ მოქალაქეებს და წინასწარ უნერგავენ უნდობლობას.

„ეს აბსურდი ემსახურება ერთადერთ მიზანს: გააჩინოთ არასწორი აღქმა და მოახდინოთ არჩევნების დისკრედიტაცია. ამით თქვენ ებრძვით არა მარტო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მომავალს, არამედ, ზოგადად, ჩვენი შვილების შანსს, იცხოვრონ ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც ყველა იღებს იმ შედეგს, რასაც მოიმკის და საკუთარ წარუმატებლობას სხვებს არ აბრალებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: „რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ასეთი მძიმე ეკონომიკური ფონი არ ყოფილიყო ქვეყანაში?“
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების პროგრამასთან დაკავშირებით კომისიის სხდომა გაიმართა