მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ბევრი მონაცემით წინ უსწრებს ბალკანეთის ქვეყნებსაც, რომელთაც კანდიდატის სტატუსი აქვთ

„დღეს საქართველოს ისტორიული შანსი ეძლევა იმისთვის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე გარდამტეხი ეტაპი დაიწყო და მივიდეთ იქ, საითკენაც ქართველი ხალხი მიისწრაფის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან“,-განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საპარლამენტო დებატების ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გაკეთებულია. „გაკეთებულია იმაზე 2 წლით ადრე, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა და ეს დაჩქარება რეგიონისთვის უმძიმესმა მოვლენებმა განაპირობა. უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, ევროკავშირმა უნდა მიიღოს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება ათწლეულის შემდეგ სად უდა გაიაროს ევროკავშირის საზღვარმა“,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია მარტო იმას ხედავს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი არსებობა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების წლებია, მაგრამ არსებობს სხვა პრიზმაც.

„ამ პრიზმიდან რომ შეხედოთ ჩვენს ისტორიას, ეს უფრო წაადგებოდა ჩვენს ქვეყანას ევროპელი პოლიტიკოსების დასარწმუნებლად იმაში, რომ დღეს საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. ამ პრიზმიდან ჩვენს ქვეყანას რომ სჭირდება და წაადგება რამდენიმე ფაქტს გეტყვით და როცა საქართველოს ინტერესების ლობირების სურვილი გაგიჩნდებათ ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, შეგიძლიათ გამოიყენოთ: საქართველომ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ყველა შესაძლებლობას წარმატებით იყენებს, რაც კი ამ გზაზე გვეძლევა და არცერთი ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ გაგვიშვია“, -განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, 2014 წლის ასოცირების შეთანხმება არის მტკიცე საფუძველი ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობისთვის; ამავე წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აახლოებს საქართველოს ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცესთან; 2017 წლიდან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო დიდი მიღწევა ადამიანებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად; საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის მისიებში არის საქართველოს ნების გამოხატვა, რომ ქვეყანამ წვლილი შეიტანოს გლობალურ უსაფრთხოებაში.

„საქართველო 30, 20, 10 წლის წინ და დღეს განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს განსხვავება იმაშია, რომ საქართველო დღეს ევროპულ სტანდარტებთან ბერად უფრო ახლოა“, -განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მის თქმით, საქართველო ლიდერია რეგიონის ქვეყნებს შორის ბევრი მიმართულებით და ბევრი მონაცემით წინ უსწრებს ბალკანეთის ქვეყნებსაც, რომელთაც კანდიდატის სტატუსი აქვთ.

„ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს ევროპული კვლევითი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული დასკვნებია“, -აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბერაია: საქართველო ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ერთად აშენებს ევროატლანტიკური უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას
შემდეგი სტატიამაია ბითაძე ოპოზიციას: ცდილობთ ყველაფერი შავ ფერებში წარმოაჩინოთ და შექმნათ ხელოვნური პოლიტიკური ტურბულენტობა ვითომდა დემოკრატიის დაცვის მოტივით. ეს ასე არ გამოვა, ნუ გინდათ სხვის ხარჯზე ხელისუფლებაში მოსვლა