12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი: “მოსკოვის მექანიზმის” დასკვნას არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც ეუთო დგას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ექსპერტის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომ დასკვნას არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც ეუთო დგას.

„როცა ორ მხარეს უსმენ, უნდა გააკეთო შესაბამისი ანალიზი და ეცადო მაინც, ორივე მხარე ასახო. მაშინ, როდესაც დასკვნა სრულიად ტენდენციურია და საერთოდ არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც დგას ეუთო და, ზოგადად, ეს მექანიზმი, ასე მომზადებული დასკვნის რეკომენდაციებს ვინმე სერიოზულად შეხედავს? ჰკითხეთ ეუთოს სხვა წევრ სახელმწიფოებსაც. 23 წევრის მიღმა კიდევ ბევრი სახელმწიფოა, რას ფიქრობენ ასეთ მიდგომაზე?

ამ დასკვნით ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში არსებული შიდა მექანიზმების გამოყენება ძალიან ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, რათა რამდენიმედღიანი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნას. სხვა რომ აღარაფერი დარჩენიათ, იყენებენ ყველა არსებულ მექანიზმს, რათა მაქსიმალურად მისცენ პოლიტიკური სიცოცხლე და ჟანგბადი ოპოზიციას საქართველოში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, „ეუთოს რეკომენდაციები ხომ სავალდებულოა, რადგან ეს სამართლებრივი დოკუმენტია?“, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ სავალდებულო რეკომენდაცია არ არსებობს.

„სავალდებულო“ რას ნიშნავს? სავალდებულო რეკომენდაცია არ არსებობს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ
შემდეგი სტატიაიერუსალიმში რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა