9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი – ეუთო-ს დასკვნა ვიზიტიდან ორ დღეში მომზადდა, რაც მცირე დროა საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ინფორმაციის გადასამუშავებლად

„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების საკითხი 23-მა ქვეყანამ როდესაც დააყენა, გვქონდა გონივრული ეჭვი, რომ ეს იყო მექანიზმისა და ეუთო-ს გამოყენების მცდელობა, რათა წინასწარ მომზადებული დასკვნები გაეკეთებინათ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავად პროცესიც იმგვარად წარიმართა, ყველა მინიშნება აჩვენებს, რომ წინასწარ იყო დაგეგმილი, ექსპერტიც წინასწარ იყო შერჩეული.

„ამიტომაც არ გახლდათ პოლონეთი იმ 23 ქვეყანას შორის, რომელმაც აამოქმედა მექანიზმი. დასკვნა მომზადდა წინასწარ შერჩეული ექსპერტით. ჩვენი გონივრული ეჭვის მიუხედავად, რომ დასკვნა არც ობიექტური იქნებოდა და არც სამართლიანი, საქართველომ, ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე, სრულად ითანამშრომლა დანიშნულ ექსპერტთან. ჩვენ მას გამჭვირვალედ შევთავაზეთ ყველა შეხვედრა, რაც მოითხოვა და ყველა შეხვედრა ორგანიზებული იყო შესაბამის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ დასკვნა ვიზიტიდან მოკლე დროში, ორ სამუშაო დღეში მომზადდა, რაც ძალიან მცირე დროა ექსპერტისთვის, სრულად გადაემუშავებინა საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული მასალა.

„ეს აჩვენებს, რომ დასკვნა წინასწარ იყო მომზადებული და შეხვედრების ან დოკუმენტების გაანალიზება არ მომხდარა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ისინი სრულიად აბსურდულია, სცდება ექსპერტის მანდატს და მექანიზმის ჩარჩოებს. შესაბამისად, რეკომენდაციებთან დაკავშირებით ობიექტური მიდგომების გამოყენება აზრს მოკლებულია, მათ შესრულებაზე ფიქრიც წარმოუდგენელია. დოკუმენტი როდესაც მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ექსპერტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ მექანიზმის, არამედ მთლიანად ორგანიზაციის სანდოობას. ორგანიზაციის წევრებსაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პასუხი ამასთან დაკავშირებით, რადგან ეს არ არის მხოლოდ ექსპერტის რეპუტაცია, აქ საუბარია ორგანიზაციაზე და ორგანიზაციის ფარგლებში გარკვეული მექანიზმის გამოყენებაზე. საუბარია ორგანიზაციის რეპუტაციაზე და მექანიზმის სანდოობაზე. ამიტომ, რეკომენდაციებზე საუბარი შერჩევითად აზრს მოკლებულია“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: დიალოგი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობების შექმნაზე, რომელშიც „ქართული ოცნება“ თავისუფალი არჩევნების შედეგად დამარცხდება
შემდეგი სტატიაფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მარში იმართება