„ნებისმიერი განცხადება ან მოთხოვნა, რომ საქართველომ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც სავარაუდოდ დააზიანებს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ნაბიჯების მომთხოვნი ან უპასუხისმგებლოდ ეკიდება ქვეყნის უსაფრთხოებას, ან მიზანმიმართულად ითხოვს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებიც დააზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას და მას ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის“,_ აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმის.
„როგორ უნდა შევაფასოთ ასეთი მოთხოვნები, ძალიან მარტივია. ჩვენი გადასახედიდან, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ქვეყნის უსაფრთხოება და არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც მინიმალურად მაინც შექმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასეთი მოთხოვნები არაერთხელ მოვისმინეთ, რას ემსახურებოდა ასეთი მოთხოვნები, ალბათ უმჯობესია, მომთხოვნებმა თავად განმარტონ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები ამტკიცებენ, რომ საქართველოს უკრაინის დახმარება შეუძლია, თუმცა ეს მეორე ფრონტის გახსნას არ გულისხმობს.


















