3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში: ჩემი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას

ბუდაპეშტში გამართულ ასამბლეის პირველ შეხვედრაზე „Patriots for Europe”-ის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სუვერენიტეტისა და მიგრაციის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

,,საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ ევროპულ სტრუქტურებს, განსაკუთრებით კი ევროკავშირს, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის საუკეთესო გარანტად მივიჩნევდით, სწორედ ამიტომ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და სწორედ ამიტომ გავაფორმეთ ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან 2014 წელს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს – ღირებულებებს, რომლებიც ორგანულია ჩვენი საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ახლავს თან.

„სამწუხაროდ, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შემდეგ, ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ იქცა ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი, პოლიტიკური ზეწოლის, შიდა პოლიტიკური თამაშების, გარე ზეწოლისა და შიდა საქმეებში გარე ჩარევის ინსტრუმენტად. ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ, რომ ეს პრობლემა არსებობს არა მხოლოდ ევროკავშირის გარეთ, არამედ ევროკავშირის შიგნით – მის წევრ სახელმწიფოებშიც“, – განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ სუვერენული გადაწყვეტილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.

„როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, სუვერენული გადაწყვეტილებების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 9.5 პროცენტს შეადგენს წლიურად, რაც ევროპაში შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ამ შედეგის მიღწევა ერთადერთი გზით არის შესაძლებელი – ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საფრთხე არ უნდა შევუქმნათ მშვიდობას ამ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში“, – აღნიშნა მინისტრმა.

დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა სუვერენიტეტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„სუვერენიტეტის დაცვის საკითხს განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ, რადგან სწორედ ეს არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საზღვაო ძალები: ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ სარემონტო სამუშაოებისთვის კუნძულ კრეტასთან მდებარე ნავსადგურში შევიდა
შემდეგი სტატიაისრაელმა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარ შტაბს დაარტყა