30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელმა უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოსთან დიალოგი თავად ევროპის მომავლისთვის არის საჭირო

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას ობიექტურ მოცემულობად მიიჩნევს, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია.

„გეოგრაფია არის გეოგრაფია, ეს არის მოცემულობა, რომელიც არსებობს და რომლის იგნორირება უბრალოდ არ გამოვა. მათი საქმეა, როგორ განავითარებენ დაკავშირებადობას, მაგალითად, ცენტრალური აზიის მიმართულებით საქართველოს გარეშე. ეს ძალიან მარტივად გასაგები და ასახსნელია და მხოლოდ რუკაზე შეხედვა სჭირდება, როდესაც საუბრობ დაკავშირებადობაზე და ესაუბრები ცენტრალურ აზიას, თუ როგორ უნდა დაუკავშირდე მას, მარტივად რუკაზე დახედვით ჩანს,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს, თუმცა მისი შემდგომი განვითარებისთვის ორივე მხარის ნებაა საჭირო.

„ევროპას და ევროკავშირს რაც შეეხება, ევროკავშირთან საქართველოს აქვს ძალიან მტკიცე და სოლიდური საფუძველი ურთიერთობების. ჩვენს ურთიერთობას, რა თქმა უნდა სჭირდება მომავალში განვითარება, მაგრამ ამას ორივე მხრიდან სჭირდება ნება ამ ურთიერთობების განვითარების,“ – აღნიშნა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული კურსი უცვლელია და ქვეყანას შეუძლია „სტრატეგიული მოთმინებით“ დაელოდოს იმ მომენტს, როდესაც ბრიუსელი საქართველოსთან დიალოგის მნიშვნელობას სრულად გააცნობიერებს.

„საქართველოს ყოველთვის აქვს განსაზღვრული ეს სტრატეგიული მიმართულება და ჩვენ სტრატეგიული მოთმინებით შეგვიძლია, დაველოდოთ, თუ როდის გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ თავად ევროპული მომავლისთვისაც არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის. თუმცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და დრო, დაველოდოთ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ვალდებული არიან, გააცნობიერონ და იზრუნონ საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირის მომავალი კავშირების გაძლიერებაზე სხვადასხვა მიმართულებით, ამაზე დაფიქრდებიან და გააცნობიერებენ. მანამდე, ჩვენ ნამდვილად გვაქვს ჩვენი საქმე გასაკეთებელი – ძალიან ბევრი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი კავშირები, რაც კიდევ ერთხელ არამხოლოდ საქართველოს ინტერესებშია და საქართველოსთვის იქნება სიკეთის მომტანი, არამედ საერთო ევროპული ინტერესიც არის ეს,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მზესუმზირის ზეთი შესაძლოა გაძვირდეს
შემდეგი სტატიახელოვნური ინტელექტი, დრონები და კრიპტოვალუტა — მაღრაძე გაეროს სესიაზე ტერორიზმის ახალ ტენდენციებზე