მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, თომას მიულმანს შეხვდა.

მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული ძალზედ ნაყოფიერი ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. კერძოდ, ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის აქტიურ თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, განვითარების და სამართალდაცვით სფეროებში.

ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის გაღრმავებაზე და ავსტრიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან გზაზე საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრისას ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტისა და ამ პოლიტიკის მნიშვნელობას.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს. ავსტრიის ელჩმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების საკანონმდებლო ორგანოში ხილვა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

banner
წინა სტატიაშიგოდოლაძე ვაშიჯვარში მერიის სამუშაოებზე – ასეთი კამიკაძეები ცხოვრებაში არ მინახავს
შემდეგი სტატიამამა ანდრია სარიას საკითხზე, საპატრიარქოში ეპარქიული კომისიის სხდომა დღეს გაიმართება