„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მიერ ვაშინგტონში, მინისტერიალის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს „პოლიტიკურ სპეკულაციად“ აფასებს. გეგელიას თქმით, ხელისუფლება აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განადგურების ფონზე რეალურ ნაბიჯებს არ დგამს და საერთაშორისო ფორმატებს მხოლოდ საკუთარი პიარისა და პროპაგანდისთვის იყენებს.
როგორც გეგელიამ განაცხადა, იმ ფონზე, როდესაც აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობები არის განადგურებული, ხელისუფლება ვითარების სტაბილიზაციისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს.
„მკაფიოდ გამოჩნდა, რომ მაკა ბოჭორიშვილს და ამ რეჟიმს საერთო არაფერი გააჩნია ქართულთან, ადეკვატურთან და ისინი ყოველთვის უტიფრად მიჰყოფენ ხელს შიდა პოლიტიკური საკითხების ინსტრუმენტალიზებას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ეს რეჟიმი თავისი არსით არის ანტიქართული და არასდროს ემსახურება ეროვნულ ინტერესებს. ამის მკაფიო გამოხატულება არის ის, რომ იმ ფონზე, როდესაც აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობები არის განადგურებული, ეს რეჟიმი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამერიკის მოთხოვნებს უპასუხოს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ცდილობს უღიმღამო, ვიწროპროფილური კონფერენციები შემოგვთავაზოს პიარულ, პროპაგანდისტულ სალაფავად, რომლითაც ერი კმაყოფილი უნდა იყოს. სინამდვილე არის ის, რომ აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაწესებული აქვს ძალიან კონკრეტული ნაბიჯების ნუსხა, რომელიც რეჟიმმა სტაბილიზაციისთვის უნდა გადადგას. ამ რეჟიმმა თქვა, რომ ისინი არ აპირებენ მარკო რუბიოს მოსმენას და არაფრის გაკეთებას არ აპირებენ. შედეგად, ამ რეჟიმმა მოგვცა ის, რომ უმთავრეს პარტნიორთან, აშშ-თან დღეს განადგურებულია ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა. ამ ყველაფრის შედეგად ზარალდება ქართული ეკონომიკა, ქართული პოლიტიკა. ვხედავთ, რომ რეჟიმი ამ დგამს რეალურ ნაბიჯებს სტაბილიზაციისკენ. იმ ნაბიჯებს, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებაში არაერთხელ გამოთქვა. ამ რეჟიმს სურს საკუთარი თავის ფორმატებში ყოფნა და ფოტოების გადაღება, მაგრამ არ სურს ურთიერთობების ნორმალიზება. ეს რეჟიმი არაფერს აკეთებს ისეთს, რაც ქართველ ხალხ მოუტანს კონკრეტულ სიკეთეებს. გაუგებარია, რა სიკეთეები შეიძლება მოუტანოს ამ ტიპის გამოსვლებმა ზოგადად საერთაშორისო კონფერენციებს“, – განაცხადა გეგელიამ.
გარდა ამ საკითხისა, მან ეუთო-თან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზარალებს.
„ის, რასაც ირაკლი კობახიძე ეუთო-ზე ფიქრობს, კარგი დასტურია იმისა, რომ ეს კაცი და მისი ადმინისტრაცია არის საქართველოს წინააღმდეგ და ყოველდღიურად „შრომობენ“ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაზარალდეს“, – განაცხადა გეგელიამ.















