მაკა ასათიანი და კოტე გოგელია აცხადებენ, რომ “მაესტროს” წილი არ იყიდება

სრულიად გამორიცხულია, განვიხილოთ და მივიღოთ რაიმე შემოთავაზება “მაესტროს” წილის გაყიდვის თაობაზე, – ამის შესახებ ნათქვამია მაკა ასათიანისა და კოტე გოგელიას მიერ გავრცელებულ განცხადებში. “მაესტროს” წილების მფლობელები გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობენ, რომლის თანახმად, მაკა ასათიანი და კოტე გოგელია “მაესტროს” წილების გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

განცხადებაში მაკა ასათიანი და კოტე გოგელია აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ თავისი უკანონო ქმედებებით ბრძოლა გამოუცხადა და ისინი იძულებულები არიან, ეს გამოწვევა მიიღონ და ამ ბრძოლაში შევიდნენ.

“მაესტროს” მიმართ სასამართლოს და საჯარო რეესტრის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების პარალელურად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოსდა ჩვენთან მიმდინარეობს მოლაპარაკება წილის გაყიდვის საკითხზე.

მკაფიოდ და გასაგებად გვსურს განვაცხადოთ, რომ სრულიად გამორიცხულია, განვიხილოთ და მივიღოთ რაიმე შემოთავაზება “მაესტროს” წილის გაყიდვის თაობაზე. “მაესტროს” წილი ჩვენს მიერ არ იყიდება.

პირიქით, ვაფიქსირებთ, რომ ხელისუფლებამ თავისი უკანონო ქმედებებით გამოგვიცხადა ბრძოლა და ჩვენ იძულებული ვართ, შევიდეთ ამ ბრძოლაში, მივიღოთ ეს გამოწვევა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი და ამ ბრძოლაში მყოფი თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მედიასთან ბრძოლა საბოლოოდ არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია.

პირიქით, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ასეთი ბრძოლა ყოველთვის სრულდება ხელისუფლების კრახით და კონკრეტული პოლიტიკური შედეგებით. ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმაზე, რომ ხელისუფლება რომელიც მედიის ხელშეუხებლობის და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, თვითონვე გადაიქცა ამ ფასეულობების მთავარ ხელმყოფად.

“მაესტრო” დარჩება დამოუკიდებელი და არასოდეს არც ერთი პოლიტიკური ან კერძო სუბიექტის ინტერესების გამტარებლად არ გადაიქცევა.

“მაესტროს” კარი ყოველთვის ღია იქნება თავისუფალი ადამიანებისთვის”, – ნათქვამია მაკა ასათიანისა და კოტე გოგელიას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი ჟიული შარტავას იხსენებს-ერთი შეხედვით ცივი და მიუკარებელი ჩანდა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – გამიკვირდებოდა, პრემიერი გოგი თოფაძეს და სხვებს რომ არ შეხვედროდა