„მაინტერესებს როგორ გატარდა რეესტრში იმ ვალდებულებების დოკუმენტი, რომელიც დვალმა დამაკისრა“

“რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დოკუმენტი, რომლითაც „რუსთავი 2“-ის მმართველებმა, დვალმა და საყევარიშვილმა მას უფლებამოსილება გადასცეს, უკანონოა.

ამის შესახებ უდუმაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სასამართლოს მიერ დანიშნული “რუსთავი 2”-ის დროებითი მმართველების – რევაზ საყევარიშვილისა და დავით დვალის განცხადებას უპასუხა, რომლითაც მათ ტელეკომპანიის მმართველობის უფლებამოსილება არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს.

„მე ძალიან მაინტერესებს, როგორ გატარდა საჯარო რეესტრში იმ ვალდებულებების დოკუმენტი, რომელიც მე დამაკისრა დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა ისე, რომ მასზე ჩემი ხელმოწერა არ ყოფილიყო. მე გავიარე იურისტებთან კონსულტაცია და ვიცი, რომ ჩემი თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე, ამ დოკუმენტის გატარება არ შეიძლებოდა. შესაბამისად, ეს დოკუმენტი არის ბათილი, უკანონოა. მე ვარ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და მე მაქვს კონკრეტული ფუნქციები. მე ვხელმძღვანელობ არხის საინფორმაციო პოლიტიკას. მე არ ვარ გამოცდილებით ფინანსისტი და ვერც ამ ვალდებულებას ვერ ავიღებ ჩემს თავზე ვერასოდეს. ამას შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია სჭირდება. მაინცდამაინც სამი დღით ადრე რომ მოუნდათ ბატონებს ჩემზე გადმოეკისრებინათ ის ვალდებულებები, რომელიც კომპანიას გასასტუმრებელი აქვს სამ დღეში, გასაგებია ეს რაზე მიანიშნებს. მათ სურთ, ეს კომპანია საბოლოოდ შეიყვანონ ჩიხში, თუმცა, ბატონებო, ამას ვერ მოესწრებით, გპირდებით. მე ამ ვალდებულებებს ვერ ვიღებ, ვინაიდან ეს უკანონოა და მასზე არ არის ჩემი ხელმოწერა და თანხმობა. თქვენ, ბატონებო, ყველანაირი ვალდებულება გაქვთ მიღებული თამაზ ურთმელიძისგან, რომლის გადაწყვეტილებასაც თურმე თქვენც არ ეთანხმებით და ეს მოვისმინე, თქვენ გაქვთ ყველანაირი უფლება, თუ არ მობრძანდებით აქ და არ შემოხვალთ ოფისში, შეგიძლიათ დისტანციურად შეასრულოთ თქვენი უფლება-მოვალეობები და ის ფინანსური ვალდებულებები, რაც გაგაჩნიათ ეს დისტანციურად მართოთ, რადგან თქვენ გაგაჩნიათ ყველანაირი წვდომა ჩვენს ბუღალტერიასთან. ჩვენ ეს უკვე აღარ გვაქვს მას შემდეგ, რაც დროებით მმართველებად დაინიშნეთ. ასე რომ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები“ , -განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “პირველ პრესკლუბში” გამართულ პრესკონფერენციაზე, “რუსთავი 2”-ის დროებითმა მმართველმა დავით დვალმა და რეზო საყევარიშვილმა განცხადება გააკეთეს, რომლის თანაახმადაც, ტელეკომპანიის მართვის უფლებამოსილება არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე ზაალ უდუმაშვილს გადასცა. თავის მხრივ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ უარს ამბობს დროებითი მმართველის უფლებამოსილებაზე.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლო მიმდინარე სხდომის თაობაზე განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ახალი ტელევიზიის დაფუძნებაზე საუბრებს ადასტურებს