,,მაინტერესებს რატომ არ უყვართ და რატომ სძულთ ეს ქვეყანა სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც”

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ რამდენიმე საათის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე კახა კუკავა აფასებს და აცხადებს, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილება მხარეებს შორის დაპირისპირების სერიოზულ რისკებს შეიცავს.

„მე შევარდნაძის დროსაც ძალიან ბევრ სასამართლოს ვაკრიტიკებდი, კუბლაშვილის სასამართლო იყო იმაზე უარესი, მაგრამ ურთმელიძის გადაწყვეტილება არის საერთოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში უპრეცედენტოა, გადაწყვეტილება, რომელსაც არც ერთი მტკიცებულება არ ერთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის პოლიტიკური მხარე, ეს დღეებია ხელისუფლებისგან ვისმენთ, რომ სააკაშვილის გუნდი გეგმავს სისხლისღვრას, თუ ისინი მართლა ამას გეგმავენ ხელისუფლება რატომ ასახვს მათ წისქვილზე წყალს, დღევანდელი გადაწყვეტილება ხომ არის პროვოკაცია და თუ ვინმე სისხლისღვრას გეგმავდა პირდაპირ მისცეს ხელში მიზეზი, რომ ეს გააკეთონ. მაინტერესებს რატომ არ უყვართ და რატომ სძულთ ეს ქვეყანა სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც. რატომ უნდა დავბრუნდეთ კიდევ ერთხელ 26 მაისში და 7 ნოემბერში. ისევ ღამე ურთმელიძის გადაწყვეტილებით ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში ეს ფონი იქმნება. ეს არის წარმოუდგენელი გადაწყვეტილება და ქვეყნის გაწირვა. ეს არის აბსოლუტურად არაპატრიოტული გადაწყვეტილება.

ფორმალურად ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევა, მაგრამ ურთმელიძემ დაამკვიდრა ესეთი სტანდარტი, რომ შეიძლება არ გქონდეს კანონი, არ გქონდეს მტკიცებულება და ის ინტერპრეტირებს გარკვეულ ნორმებს, ის ქმნის ნორმებს, რაც არის კანონდარღვევა და ეს ყველაფერი ძალიან დიდ ძალადობის რისკებს შეიცავს და ლეგიტიმური ძალადობის უფლებას აძლევს როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს და ეს დაღუპავს ქვეყანას საბოლოოდ,“-აცხადებს კახა კუკავა.

banner
წინა სტატიაში“დღეს ღამე არ მაქვს განცდა, რომ ვიცავ R2-ს, მე ვიცავ სასამართლოს”
შემდეგი სტატიასხვა ვარიანტში ჩვენ ევროინტეგრაციასა და მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით წინსვლა არ გვექნება