9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

“მაინცდამაინც იმ ოთახის კარი გამოაღო”- ზურა შევარდნაძის მოგონება ილია მეორეზე

“გარდენია შევარდნაძის” მფლობელი ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში პატრიაქთან დაკავშირებით მოგონებას აქვეყნებს.

“არ ვიცი როდის, მაგრამ დიდი ხნის ამბავია, უწმინდესს სოფელ მარტყოფში ჩვეულებრივი სოფლური სახლი უყიდია. ეზოში კვიპაროსები, ვერცხლისფერი ნაძვები, ბზები, ხეხილი და ძალიან, ძალიან მუქი იისფერი იასამნები დაურგავს. მეც მერგო იმ იასამნის ერთი ამონაყარი და დღემდე სათუთად ვუფრთხილდები. ზოგჯერ ჩადიოდა თურმე, რამდენიმე დღით რჩებოდა, სტუმრებსაც იღებდა. მარტყოფელები, მეზობლები იქაურობას “მღვდლიანთსას” ეძახიან თუ სწორად მახსოვს. მოგვიანებით დედებს ჩააბარა იქაურობა, ეზოში პატარა სამლოცველოც დგას. ახლა დედათა მონასტერია იმ სახლში და ეზოში. მე უსაყვარლესი დედა ქეთევანის თხოვნით მოვხვდი მარტყოფში. დახმარება მთხოვეს ეზოს გაახლებაში და მოწყობაში ალბათ 15 წლის წინ. დედა ქეთევანი რათქმაუნდა ყველაფრის უწმინდესის გაკეთებულის, დარგულის ხელუხლებლად დატოვებას ცდილობდა, დიდი სიყვარულით უვლიდა და ეფერებოდა იქაურობას. ბევრის მომსწრეა ამ სახლის კედლები. დედა ქეთევანის ნაამბობი მახსოვს ერთი პატარა ამბავი. ნახევარი საათით ადრე დაურეკავთ და შეუტყობინებიათ რომ უწმინდესი მობრძანდებოდა სტუმრებთან ერთად. “მთელს სახლში თუ რამ მოუწესრიგებელი, მიულაგებელი გვქონდა შევესიეთ და ერთ ოთახში შევკუჭეთ. უწმინდესს წესად აქვს რომ ჩამობრძანდება მთელს სახლს და ეზოს მოივლის. გული რომ არ სტკენოდა ყველაფერი უსუფთაო ერთ ოთახში შევაწყვეთ. ჩამობრძანდა, გავიხარეთ, მასაც სიხარული ჰქონია სახეზე. წავიდა მიადგა მაინცდამაინც იმ ოთახს სადაც ყველაფერი შევყარეთ და გამოაღო, შეიხედა. რომ დაინახა არეულობა უცებ მიკეტა, შემოგვიბრუნდა და გაგვიღიმა. სხვაგან იმ დღეს არსად შეუხედავს არც სადილად დარჩა, ეზოში ვილოცეთ და გავაცილეთ”,- წერს ზურა შევარდნაძე.

banner
წინა სტატიაშიისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა
შემდეგი სტატიაირანის სამხედრო ძალებმა ომანის სანაპიროსთან აშშ-ის ხომალდს დაარტყეს