მაიკლ კოენი მზად არის მოყვეს, რომ ტრამპმა იცოდა რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის შესახებ

“თუკი ვინმეს კარგი ადვოკატი სურს, რეკომენდაციას გაძლევთ, მაიკლ კოენის მომსახურებით არ ისარგებლოთ” – დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც გავრცელდა, რომ მისი ყოფილი იურისტი მაიკლ კოენი “ბედნიერი იქნება” თუკი სპეცპროკურორის შეკითხვებს უპასუხებს ტრამპსა და მოსკოვს შორის შესაძლო გარიგების შესახებ.
თავად კოენის ადვოკატმა ლენი დევისმა განაცხადა, რომ მის კლინტს შეუძლია პასუხი გასცეს შეკითხვას, იცოდა თუ არა ტრამპმა ჰაკერულ თავდასხმაზე, რომელმაც არჩევნებისას დემოკრატი ჰილარი კლინტონის კომპრომეტირება გამოიწვია.
დევისმა ასევე დასვა შეკითხვა, თუ რატომ არ სჯიან აშშ-ს პრეზიდენტს, რომლის სახელიც არ გაჟღერებულა კოენის აღიარებით ჩვენებაში, იმ დანაშაულებებისათვის, რომელსაც კოენი ტრამპის სახელით ჩადიოდა.

პასუხად ტრამპმა გუშინ “ტვიტერში” დაწერა, რომ “კოენმა ბრალი საარჩევნო კამპანიისას ორ ფინანსურ დარღვევაში აღიარა, რომელიც დანაშაული არ არის”.
პროკურორები და კოენი შეთანხმდნენ იმაზე, რომ მისმა მოქმედებამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფინანსური კანონმდებლობა დაარღვია. საუბარია ორი ქალისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდაზე, რომელიც, კოენის თქმით, ტრამპის მითითებით გააკეთა. ქალები ირწმუნებოდნენ, რომ მათ სხვადასხვა დროს სექსუალური კავშირი ჰქონდათ დონალდ ტრამპთან.

კოენმა ბრალი იმავე დღეს აღიარა, როცა ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი სასამართლომ საბანკო და საგადასახადო ოპერაციებში დამნაშავედ ცნო.
ტრამპმა 21 აგვისტოს დასავლეთ ვირჯინიაში სიტყვით გამოსვლისას ვარაუდზე, რომ მისი საარჩევნო შტაბი რუსეთთან შეთქმულებაში იყო, განაცხადა: “სად არის ეს შეთქმულება. ყველა შეთქმულებას ეძებს და სად არის ეს შეთქმულება? მომიძებნეთ ეს შეთქმულება. ჩვენ გვინდა ვნახოთ ეს შეთქმულება!”

ჯერჯერობით, არაფერი ადასტურებს იმას, რომ კოენი სპეცპროკურორ რობერტ მიულერის კომისიას ჩვენებას მისცემს იმის შესახებ, რომ ტრამპის საარჩევნო შტაბი კრემლს შეუთანხმდა არჩევნების შედეგებზე.
პროკურორებთან თანამშრომლობის ფარგლებში კოენს თავისუფლების 65 წლით აღკვეთა 5 წელსა და სამ თვემდე შეუმცირდება – კოენმა აღიარა საბანკო და საგადასახადო თაღლითობები.

ტრამპმა უკვე თქვა, რომ კოენს ერთ-ერთი ქალის გასაჩუმებლად ფული გადაუხადა, თუმცა, თავდაპირველად უარს ამბობდა. ამერიკის პრეზიდენტის ახალმა ადვოკატმა რუდი ჯულიანიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოენის წინააღმდეგ ბრალდებებში თვითონ პრეზიდენტისადმი ეჭვები არ ყოფილა. იურისტების აზრით, მანამდე, სანამ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტია, მას, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის ბრალს არ წაუყენებენ, მაგრამ, შესაძლებელია, ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს “სერიოზული დანაშაულებებისა და მოქმედებების გამო”.
მაგრამ ეს რომ მოხდეს, აუცილებელია დემოკრატიულმა პარტიამ ხმების უმრავლესობა მოიპოვოს ორივე პალატაში. ჯერჯერობით, ამერიკის არც ერთ პრეზიდენტს იმპიჩმენტით არ დაუტოვებია სავარძელი.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიდანით თავდასხმა პარიზთან, დაღუპულია ერთი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო წლის ბოლომდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ 1200 ჭკვიან ვიდეოკამერას აამოქმედებს