ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა უარყო ინფორმაცია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ან მიყიდვის შეწყვეტის შესახებ.
უოლცმა განმარტა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ძირითადი ნაწილი ხორციელდება drawdown authority მექანიზმით, რაც გულისხმობს შეიარაღების უშუალოდ აშშ-ის საწყობებიდან მიწოდებას. თუმცა, მისი თქმით, ამ პროცესში ზოგჯერ შეფერხებები ხდება, ეს კი უკავშირდება ამერიკული შეიარაღების მარაგების შევსების აუცილებლობას.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პარლამენტის წევრმა, ეროვნული თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კოსტენკომ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიყიდვა შეაჩერა.