ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი აცხადებს, რომ ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი ნატო-ს ივნისში დაგეგმილ სამიტამდე უნდა დახარჯოს.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს მოკავშირეებს ნატო-დან. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მეხუთე მუხლის ვალდებულებას, მაგრამ დროა, ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა გააძლიერონ თავიანთი წვლილი“, – განაცხადა უოლცმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მაიკ უოლცის თქმით, მიუღებელია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მესამედს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ათი წლის წინ აღებული ვალდებულება თავდაცვის ხარჯების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კართან უდიდესი ომი მიმდინარეობს.
„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირა ნამდვილი გამოფხიზლება იყო. მათ კართან ომია, უდიდესი ომი, რომელიც ყველას აშფოთებს, მაგრამ მაინც ამბობენ, სხვამ უნდა გადაიხადოს, ჩვენ სხვა შიდა პრიორიტეტები გვაქვსო. ეს მიუღებელია“, – აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი.
როგორც უოცლცმა განმარტა, ივნისში დაგეგმილ სამიტზე ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს მინიმალური ორპროცენტიანი ვალდებულება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მსჯელობა უფრო მაღალ, ხუთპროცენტიან მაჩვენებელზე.