მაიკ პომპეო გიორგი გახარიას – ჩვენ მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში, ერთად ვმუშაობთ იმ თემებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება

admin
ავტ.: admin ნოემბერი 18, 2020 11:38

მაიკ პომპეო გიორგი გახარიას – ჩვენ მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში, ერთად ვმუშაობთ იმ თემებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება

მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასათან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს 30 წლის განმავლობაში შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 18, 2020 11:38