მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში უკრაინა-მოლდოვის საზღვართან რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა. სანდუს შეფასებით, რუსული აგრესია უშუალოდ ემუქრება მოლდოვის უსაფრთხოებასა და საჰაერო სივრცეს.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად კრიტიკულია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების სასწრაფო მიწოდება.
„გუშინ რუსულმა დრონმა გვაიძულა, დროებით ჩაგვეკეტა ჩვენი საჰაერო სივრცე. დღეს რუსეთი იმ პუნქტებს არტყამს, საიდანაც ადამიანები მოლდოვაში გადადიან. რუსეთის ფრონტის ხაზი დასავლეთით მიიწევს — სწორედ ამიტომ არის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა გადაუდებელი“, — წერს მაია სანდუ.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რუსულმა დრონებმა იერიში მიიტანეს უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურასა და მიმდებარე ტერიტორიაზე.







