მაია ნადირიაძე: მიაწექით, უკან არ დაიხიოთ!

დაპყრობილ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდი, 11 წლისამ გავიგე – ბებია მომიყვა, როგორ შემოვიდა წითელი ურდო და თვითონ როგორ იდგა გიმნაზიის საპროტესტო აქციაზე; მომიყვა, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლობისთვის მისი ძმა დახვრიტეს; და მომიყვა სხვა ასეთი ამბები… სერიოზული სტრესი მივიღე – ასე ცუდად თუა ჩვენი საქმე, ეს ხალხი მტერ რუსეთთან ასე შეხმატკბილებულად რანაირად ცხოვრობს და ასეთი არხეინი რატომაა-მეთქი.
პირველად რომ მიტინგზე წავედი რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, 17 წლის ვიყავი – ენას გვართმევდნენ, მაგრამ „ნურას უკაცრავადო“ ვუთხარი. მერე ეროვნული მოძრაობა იყო. 9აპრილს კი გვადინეს სისხლი, მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე გავხდი.

შემარგეს რო? რუსული პუტჩი დამატყდა თავს და ისევ აღზევდნენ ეს მტერთან შეხმატკბილებული არხეინი სახეები. კი დავეთრეოდი მიტინგებზე და ჩემსას გავყვიროდი, მაგრამ შენ ქაჯი და ისტი ხარო. ჰოდა, ამ სვეცკი და კაი რუსულად მოლაპარაკე გვამებმა გაანიავეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, ქვეყანა აყროლებულ ჭაობს დაამსგავსეს და ის იყო სამშობლოს სიყვარულის საპატიო პეროც გაირჭეს, რომ ვარდების რევოლუციამ დაიქუხა.

რუსეთთან ამ რაუნდის მოგების მერე მიტინგებზე სიარული აღარ მიწევდა, მაგრამ რუსის ნაგრამის შემოტევის მოგერიება – ყოველდღიურად. მაგათ არ მოსწონდათ არც დროშა, არც ჰიმნი, არც განათლების და პოლიციის რეფორმა, არც კრიმინალების და კორუმპირებულების დაჭერა, არც ახალი ინფრასტრუქტურა, არც ბეტონის გზები (ასფალტისა ხო მითუმეტეს – არ იჭმებაო)… მოკლედ, ვიომე მაგათთან რაც შემეძლო და როგორც შემეძლო. მტერს ისე შევაძულე თავი, რა არ მომიგონეს, მაგრამ არა მტერს – ვუყვარდი (ახლაც ასეა). ჰოდა ის იყო ვიფიქრე, ამ ჭაობიდან ამოთრეულს და ლამის თითითსაჩვენებელ ქვეყნად გადაქცეულს რუბიკონი გადალახული აქვს-მეთქი, რომ ოლიგარქია დამატყდა თავს – დემოკრატიის სახელით და რუსეთის ალმით. სეტყვა რომ ვენახს წალეკავს, ისეთი დამართეს ამ ქვეყანას. ეს ამბავი რუსის გარეშე ხომ არ იქნებოდა – შესაბამისად ისევ გამოჩნდნენ იგივე არხეინი გვამები ავანსცენაზე და მე ისევ ქაჯი და ისტი გავხდი.
ამხელა წაგება-მოგება გამოვლილი იმედს ხო არ გადავიწურავდი და… აი, ისიც – გაივსო რუსთაველის გამზირი ხალხით: ისევ საშველია ეს ქვეყანა, ისევ რუსი უნდა მოვიგერიოთ შიშველი ხელებით, მორალური უპირატესობით, უკანმოუხედავი გამბედაობით და სტოიციზმით.
და ახლაა საინტერესო მომენტი ჩემს ცხოვრებაში: ისაო, შენ არ გვჭირდები, არ დაგინახოთ აქ მოსული, პოლიტიკის სუნი აგდის, რა გაგიკეთებია, ვის დაკარგვიხარო…

ეგრე რა! თქვენ გაიხარეთ! 58 წლისა ბოლო-ბოლო ვეღირსე, რომ აღარ უნდა ვზიდო ამ ქვეყნის გადარჩენის დარდი და სევდა და არც არსად უნდა ვეთრიო.
ცხადია წარმატებებს გისურვებთ და თქვენი გამარჯვება თქვენზე მეტად გამიხარდება, რადგან კარგად ვიცი მისი ნამდვილი ფასი. ოღონდ ამ რუსეთუმე ხროვასთან ბრძოლაში გახსოვდეთ – ადამიანი პოლიტიკური ცხოველია, ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლა კი პოლიტიკაა. ასე რომ თქვენც აგივათ ეგ სუნი, თუ გამარჯვებამდე მიხვალთ.

და ერთიც იცოდეთ – ის ენმ რომ არ ყოფილიყო, ახლა ამ ლაღი სახეებით და მოპედებით, სკუტერებით და თუნდაც ჯიპებით კი არ იგრიალებდით ასფალტებზე და ავტობანებზე, ურმით თუ გაივლიდით ტყაპუჭებში გამოხვეულები და ისიც მხოლოდ მზის შუქზე.
მიაწექით, უკან არ დაიხიოთ!

მაია ნადირაძე

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებამ უნდა მოგვისმინოს
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს