ამ ამოტრიალებულ ყოფაში, სად გვცალია ადამიანური ყოფისთვის, ერთი კარგი ადამიანის გარდაცვალება გავიგე, ბევრი რამ გამახსენდა და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა.
გასული საუკუნის 80 – ნი წლებიდან, წალენჯიხას და ჩხოროწყუს ჰყავდა ეროვნული ფოლკლორის შესწავლა- შენარჩუნება- განვითარების საქმეში ჩართული უბადლო პროფესიონალები.
ამ ადამიანებთან სამსახურმა დამაკავშირა და რასაც თვალ-ყურს ვადევნებ, მათი ღვაწლის (!) კვალი, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში არასოდეს დაიკარგება.
ჯერ ბატონი შახი სიჭინავა წავიდა, ჩხოროწყუ ყოველთვის განთქმული იყო ცეკვა-სიმღერით, მაგრამ შახი, როგორც ამ დარგის საუკეთესო მენეჯერი, ნამდვილად არის აღნიშვნის ღირსი. გულდაწყვეტილმა დატოვა სააქაო, 2013 წელს.
ორი წლის წინ გარდაიცვალა ბატონი მურთაზ ციმინტია, მეგრული ფოლკლორის საუკეთესო მცოდნე და ლოტბარი, გამორჩეული წალენჯიხელი, კეთილგონიერი ადამიანი,ტომბა კოჩი, როგორც ჩვენ ვიტყვით.
ეს წუთია გავიგე, რომ ბატონი მურმან ქარდავა გარდაცვლილა.
რაღაცნაირ ტანდემში იყვნენ, ბატონი მურთაზი და ბატონი მურმანი, ლაკადის საუკეთესო კოლხები, თავმდაბლები და ამაყები, ერთდროულად. სულ ერთმანეთის გვერდით იყვნენ,
ვერ წარმომედგინა ისინი ცალ-ცალკე.
ყურში ჩამესმის მათ მიერ შესრულებული მეგრული ნანა და ოჩეშხვეი.
გისამძიმრებთ ჩემს საყვარელ წალენჯიხას.
ჩემთვის, მეგრული სიმღერის ერთი ლამაზი ეპოქა დასრულდა, რომელსაც ღირსეულად გააგრძელებს მათ ხელში შექმნილი ანსამბლი ,,ბედინერა”,
დარწმუნებული ვარ!,-წერს მაია კალანდია.