ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გამოკითხვა დასრულდა- მან ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ გზის გაყვანაზეც და ჩორჩანას ტერიტორიაზე საგუშაგოს მშენებლობაზეც ინფორმაცია ჰქონდა.
ცქიტიშვილი ამბობს, რომ “ეს ყველაფერი ტერიტორიის მიტაცების რისკიდან და ასევე, ბორდერიზაციის აქტიური პროცესიდან გამომდინარე მოხდა.“
“საფრთხეები იყო შეფასებული და შეფასების შედეგად შს სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული ის ქმედებები, რომლებიც იყო“,- თქვა მან.
მე ვიყავი იმ დროს მინისტრი, ჩემთვის ცნობილი იყო, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ გზის გაყვანის საჭიროება იყო, რადგანაც არსებობდა, როგორც ტერიტორიის მიტაცების რისკი, ასევე, ბორდერიზაციის აქტიური პროცესიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით, იყო თუ არა შეთანხმებული, ვისთან, როგორ, მაგრამ ეს იყო ცნობილი, ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის.
ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის თაობაზე მსჯელობა დაიწყო ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში, აქტიურად, სადაც ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ საფრთხე არსებობდა და შესაბამისად, და ჩემი ვარაუდით, სწორედ საფრთხეებიდან და გაანალიზებიდან გამომდინარე, საფრთხეები იყო შეფასებული და შეფასების შედეგად შს სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული ის ქმედებები, რომლებიც იყო. მედია არქივსაც თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ მრავალი შემთხვევა იყო, იგივე ჩორჩანას ტერიტორიიდან, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სხვა მონაკვეთების მიმდებარედ, სამწუხაროდ, ბორდერიზაციის პროცესი, წლების განმავლობაში მიმდინარეობს და შესაბამისად, სავარაუდოდ, ამავე ტერიტორიაზე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, – განცხადა ცქიტიშვილმა.
ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე დაუსვეს.
“ქართული ოცნების” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.
„ყველამ ყველაფერი იცოდა, დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო,” – თქვა “ქართული ოცნების” საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში.
პროკურატურის თანახმად, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ ფაქტებზე:
დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა
უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება.