მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აღდგომის ლიტანიობაზე მრევლის შეკრება “კომენდანტის საათის” დარღვევა იქნება მაშინაც კი, თუ მოქალაქეები ტაძრებში 21:00 საათამდე მივლენ და იქ დილამდე დარჩებიან

რა თქმა უნდა, კომენდანტის საათი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, – ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა კითხვას, ჩაითვლება თუ არა კომენდანტის საათის პირობების დარღვევად, თუ აღდგომის ღამეს მოქალაქეები ტაძრებში მივლენ 21:00 საათზე და იქ დილის 06:00 საათამდე გაჩერდებიან. მინისტრის განცხადებით, ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს იმ რეგულაციების ზედმიწევნით და სწრაფად დაცვაზე, რაც დადგენილია.

„პირველ რიგში, ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ მკაცრად და ზედმიწევნით ყველა რეგულაცია, რომელიც უკვე დადგენილია, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, რომ აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ. ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კომენდანტის საათის პირობებს, ეს პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ნებადართული არ არის. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტის შეკრება. შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, წავიდოდა თუ არა მინისტრი საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად სააღდგომო ლიტურგიაზე, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ არ წავა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანაგუნდელსა და მხარდამჭერს, ვისაც ამისი შესაძლებლობა აქვს, შეუერთდეს სოლიდარობის აქტს
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი : არ არის გამორიცხული, რუსთავში, თბილისში და ზოგადად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დამატებითი ზომების მიღება დაგვჭირდეს