მაია ცქიტიშვილი – ვიმედოვნებთ, მიღებული ზომების შედეგად ვირუსის გავრცელების რიცხვებში გარდატეხა და დასტაბილურება მოხდება

იმედი გვაქვს, ამ ზომების შედეგად ვირუსის გავრცელების რიცხვებში გარდატეხა და დასტაბილურება მოხდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მიღებული რეგულაციების ეფექტზე ძალიან დიდი გავლენა ექნება თითოეული ჩვენგანის ქცევას. აუცილებელია, ყველა მხარემ, როგორც მთავრობამ, ასევე დამსაქმებელმა და თითოეულმა მოქალაქემ ზედმიწევნით დაიცვას ყველა წესი. ჩვენ არ გვაქვს არჩევანი, ეს წესები დავიცვათ თუ არ დავიცვათ. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების შენელებას წარმატებით ვერ გავუმკლავდით, ძალიან მძიმე შედეგები გვექნება. პირველ რიგში, ჩვენს ჯანდაცვაში, რაც ბუნებრივია, აისახება ადამიანების სიცოცხლეზე და რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მთავრობისთვის ბალანსის პოვნა ძალიან რთული იყო, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია, ბალანსი დაიცვას ეკონომიკის, მოსახლეობის ინტერესებსა და ეპიდემიის გავრცელების მართვას შორის.

„ჩვენთვის ძალიან რთული იყო ბალანსის პოვნა. ერთი მხრივ, ისეთი ზომები უნდა მიგვეღო, რომლებიც ინფექციის გავრცელების შენელებას მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს და მეორე მხრივ, ყველაზე ნაკლებად დააზიანებდა ჩვენს ბიზნესსექტორს, რომელიც პანდემიის გამო და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ჩვენ ბიზნესთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. პრაქტიკულად, ყველა სფეროსთან, რომელსაც ეს შეზღუდვები შეეხო და ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე ეს არის ღონისძიებების ყველაზე ოპტიმალური კომბინაცია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მთავრობამ შეიმუშავა მხარდაჭერის პაკეტი, რომლის ჯამური ღირებულება მილიარდ ას მილიონ ლარს აღემატება.

„ამ პაკეტში გათვალისწინებულია დახმარებები, როგორც ჩვენი სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება, აღნიშნული ეკონომიკური კრიზისი შეეხოს. კერძოდ, თუ ისინი სამსახურს დაკარგავენ, ან შემოსავალი შეუმცირდებათ. ჩვენი აზრით, საკომპენსაციო ღონისძიებები ამ ადამიანებს ყოფას ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქებს “, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: რთული დეკემბერი იქნება, ძალიან საგანგაშო ციფრებია, დავიცვათ რეკომენდაციები
შემდეგი სტატიააშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს ულოცავს და ნონა გაფრინდაშვილზე წერს