მაია ცქიტიშვილი ტენდერების სკანდალს შეეწირება, ცქიტიშვილს გიორგი ჭოლაძე ჩაანაცვლებს?!

მაია ცქიტიშვილი

კიდევ ერთი კარუსელი, რომელის დატრიალებასაც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ: რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ოცნების“ „საამქრო“ – საკადრო ცვლილებები არჩევნებამდე თუ არჩვენების შემდეგ?

ინტრიგა: ვინ წავა „ხელის ჩამორთმევითა“ და „პარაშუტით“, ვის ვინ შეცვლის (სავარაუდოდ), რატომ დღეს და არა ხვალ, ან ზეგ? კითხვები, რომელის პასუხებიც იმ ინფორმაციასა და მასალებში უნდა ვეძებოთ, რაც „თაიმერს“ მოაწოდეს.

„თაიმერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი საკადრო ცვლილება ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეეხება, მინისტრი მაია ცქიტიშვილი თანამდებობას დატოვებს. მას გიორგი ჭოლაძე ჩაანაცვლებს. გიორგი ჭოლაძე მამუკა ბახტაძის უახლესი გარემოცვიდანაა, ახლადგაპრემიერებულმა ბახტაძემ ჭოლაძისათვის სპეციალური სამსახური შექმნა. იმ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „აღნიშნული თანამდებობა მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს შეიქმნა. როგორც პრესსამსახური ამბობს, აპარატს დაექვემდებარება საზოგადოებრივი ურთიერთობების, პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურები. მათივე თქმით, აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის უფლებაა“.

რატომ შეიძლება გაუშვან მაია ცქიტიშვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი „ვარსკვლავია“ და რომელსაც ჯერ პრემიერ-მინისტრობის, მოგვიანებით კი პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატადაც მოიაზრებდნენ?

მაია ცქიტიშვილმა მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლა. მართალია, იმჟამინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ალავიძე დიდი „ტაშ-ფანდურითა“ და „ლოცვა-კურთხევით“ გააცილა, მაგრამ მალე გაირკვა რომ ყოფილი მინისტრი კორუფციული გარიგებების „დონ კორნეოლე“ თუ არა, არც ნაკლები იყო – ტენდერები, რომელიც ალავიძის მინისტრობის დროს ჩატარდა, დღემდე „გამოძიების ინტერესში“ „ზის“, თუმცა გამოძიებას ჯერ არაფერი გაურკვევ-დაუდგენია.

მაია ცქიტიშვილის გამინისტრებისთანავე ითქვა, რომ მინისტრი ალავიძის კადრებს დაემშვიდობებოდა, როგორც „შემჩნეულ“ პირებს, თუმცა ეს არ მოხდა. დრომ აჩვენა, რომ ცქიტიშვილმა არც საკადრო პოლიტიკა შეცვალა და არც ალავიძის გზისთვის უღალატია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ცქიტიშვილი ვერ შეელია ალავიძის „კასირად“ და „მომრიგებლად“ ცნობილ პირებს. მეტიც, „თაიმერისათვის“ მოწოდებული ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილი ზურაბ ალავიძის გზის ღირსეული გამგრძელებელია.

„თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით, ცქიტიშვილმა ალავიძის მსგავსად საკუთარ კომპანიებს, რომელთა რიცხვი 10-ს აჭარბებს, ე.წ. პირდაპირი წესით, „მოაგებინა“ მრავალმილიონიანი ტენდერები, რაც „გადაუდებელი აუცილებლობით“ ახსნა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კი ჯერაც არ დასრულებულა მაისში ჩატარებული თელავის წყალმომარაგების ტენდერი. საქმე ისაა, რომ ტენდერი კი ჩატარდა, მაგრამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება რატომღაც ჭიანურდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ მაისში დაინიშნა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად ეკა გალდავა.

ცნობისთვის: ეკა გალდავა მაია ცქიტიშვილის უახლოესი გარემოცვაა და მინისტრისაგან სრული კარტბლანშით სარგებლობს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დანიშვნიდან მალევე, ქალბატონმა ეკატერინემ რეორგანიზაცია გამოაცხადა, რასაც საფუძვლად დაუდო ეკონომიკური გარემოებები. ანუ, გალდავამ გვიჭირს ძალიან და შტატები უნდა შევამციროთო. პარალელურად, „ახალმა ზოზღმა“ კომპანიაში დაიწყო ახალი სტრუქტურული პოზიციების ჩამოყალიბება, სადაც თავისი ხალხი დაასაქმა – გალდავას გარემოცვაში აღმოჩნდნენ „უკიდეგანოდ ნიჭიერი და განათლებული“ ადამიანები, რომელთაც გალდავას გადირექტორობამდე ვერავინ ამჩნევდა. მეტიც, გალდავამ კი გამოაცხადა გვიჭირს და ამიტომ „ქამრები უნდა შემოვიჭიროთო“, მაგრამ პარალელურად გამოსაცდელი ვადით დანიშნულ პირებს „უფეშქაშა“ (დაუნიშნა) დანამატები და პრემიები (!?). 2018 წელს, სექტემბერში, კომპანიამ რეორგანიზაციის პროცესი დასრულებულად გამოაცხადა. საბოლოო ჯამში, სამსახურიდან გათავისუფლებულთა რიგებში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც გალდავას „პროგრესულ ნაბიჯებს“ აკრიტიკებდნენ და ის პირებიც, რომელთაც მუდმივი ხელშეკრულება ჰქონდათ კომპანიასთან, ასევე ის პირებიც, რომელთა თანამდებობები რეორგანიზაციის ბადეს არ გაუუქმებია. ამ „ჩარეცხვაში“ მოჰყვა ბახტაძის ახლობელიც და როგორც „თაიმერმა“ გაარკვია, მალე ეს ადამიანები სასამართლოს მიმართავენ. დიდი ალბათობით ისინი პროცესს მოუგებენ წყალმომარაგების კომპანიას და გალდავას პირადი ინტერესის გამო სახელმწიფოს, ბიუჯეტს კომპესაციების გადახდა მოუწევს!

წყალმომარაგების კომპანიაში არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გარღვევა-დარღვევა: როგორც წყარო გვეუბნება, აშკარა დარღვევებითა და გადაცდომებით მიმდინარეობს კომპანიის აქტივების აღრიცხვის პროცესი. აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში დაკონტრაქტებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აქტივების აღრიცხვისა და შეფასებების მომსახურება. გალდავას „პირადი შემადგენლობა“ არ ინტერესდება პროექტის მიმდინარეობით და არ ახორციელებს უკვე აღრიცხული ქონების იდენტიფიცირებას, რაც არც მეტი, არც ნაკლები სახელმწიფო ქონების „დაკარგვის“ საფუძველია. ასევე, გაურკვეველია, რატომ ხორციელდება იმ ქონების აღრიცხვის მომსახურების შესყიდვა, რომელიც უკვე შეფასებულია?! ასევე, პრობლემებია აღსარიცხავი ქონების დარეგისტრირებასთან მიმართებაში.

მოკლედ, მალე სალხინეთში აურზაური დაიწყება, რასაც საფუძვლად ის საჩივარი დაედება, რომელსაც გალდავას ამოჩემებით სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში შეიტანენ. მართალი იყო პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, როცა მაია ცქიტიშვილის წარდგენისას განაცხადა: „ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ისეთივე წარმატებით გაუძღვება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს მთავრობის ადმინისტრაციაში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. დარწმუნებული ვარ, რომ მაია ძალიან წარმატებული მინისტრი იქნება და სივრცითი განვითარების მიმართულებით ჩვენ კიდევ ვნახავთ ბევრ წარმატებას“.

დღეს მოცემულობა ასეთია: თელავის წყალმომარაგებაზე „მნიშვნელოვანი“ „ცქიტიშვილი@კომპანისთვის“ არის მარნეულის წყალმომარაგების ტენდერი. ტენდერი ძალიან “მომხიბვლელია“ – სასწორის პინაზე აქ, არც მეტი, არც ნაკლები 75 მილიონი დოლარი დევს! პროექტი აზიის განვითარების ფონდის ფარგლებში ხორციელდება.

2018 წლის 23 ივნისს „თაიმერი“ სტატიაში: „ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის და პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო სკანდალში ეხვევიან?!“ წერდა: „თაიმერისათვის“ ცნობილი ხდება გასაიდუმლოებული შეხვედრის შესახებ, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აზიის განვითარების ბანკსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შედგა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „საიდუმლო სერობას“ ბანკის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე და მოადგილე გიგა კაცია ესწრებოდნენ. „თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბანკის წარმომადგენლებს ისეთი მოთხოვნა წაუყენეს, სტუმრები „გაღიმებულები“ დატოვეს. საქმე ისაა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ბანკს მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა წინმსწრებად მოსთხოვეს არა 10%-ის, არამედ 30%-ის გადარიცხვა, რითაც ძალიან გაოცებული დატოვეს ბანკის მესვეურები. შეხვედრაზე დაისვა კითხვა, აუთვისებელ ფულში რატომ უნდა გადაიხადოს საქართველომ პროცენტი, მითუმეტეს, რომ ჯერ სამუშაოები არ არის დაწყებული და 10%-ის გადარიცხვაც კი ნაჩქარევია. საბოლოოდ გაირკვა, რომ თურმე მაია ცქიტიშვილს „კეთილი მიზნები“ ამოძრავებს და ახალ პრემიერს „დუ შაშს“ უგორებს – ბანკიდან ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებისათვის გამოყოფილი თანხის 30%-ი ბიუჯეტის შესავსებად სჭირდება! დიახ, არც მეტი და არც ნაკლები – სესხი ბიუჯეტის შესავსებად!

აზიის განვითარების ბანკს ჯერ მომხდარი ფაქტის, მილიარდნახევარი დოლარის გაქრობა ვერ „მოუნელებია“, რომლის შესახებ მმართველი ძალა მხოლოდ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ ალაპარაკდა (თუმცა არავის უთქვამს გამოძიებას იწყებენ თუ არა) და უცებ, ამ ფონზე, რამდენიმემილიარდიანი პროექტიდან 30%-ის ერთბაშად გადარიცხვას სთხოვენ. ჩვენი ინფორმაციით, ბანკი „ამ ეტაპზე თავს იკავებს, ფიქრობს“. ინფრასტრუქტურის სამინისტროში გასაიდუმლოებულ შეხვედრას წინ უსწრებდა მამუკა ბახტაძის და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის შეხვედრა, რომელიც ბახტაძის პრემიერ–მინისტრის კანდიდატად დასახელებიდან მეორე დღესვე შედგა. მამუკა ბახტაძემ განაცხადა: „აზიის განვითარების ბანკი არის საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი, რომლის ლოკალური პორტფელი 2.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება და მიმართულია საქართველოს განვითარებისკენ. საქართველოს მთავრობა აფასებს ამ მხარდაჭერას და გამოვხატავთ მზადყოფნას არსებული ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.“ სხვათაშორის, 16 ივნისს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო პირველად ესტუმრა საქართველოს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არავინ დაეჭვებულა ბანკის პრეზიდენტის საქართველოში უეცარი ჩამოსვლით. თქმა იმისა, რომ ეს შეხვედრა დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ კვირიკაშვილის დროს, ადვილია, მთავარი პრეზიდენტის ჩამოსვლის მიზეზია, რაც კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ გაჟღერდა კიდეც, რასაც არავინ მიაქცია ყურადღება და არავინ დასვა კითხვა – ასეთ ფონზე ბანკისთვის რამდენად კეთილსინდისიერი პარტნიორია საქართველო?!“

იმხანად „თაიმერის“ გაჟღერებულ ამ ინფორმაციას არავინ გამოხმაურებია ზემდგომთაგან, ერთი „უბრალო მიზეზით“ – არავის აძლევდა ხელს ნაგვის გაქექვა!

დღეს „თაიმერისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ცნობილი ხდება ზემოთმოყვანილ ფაქტზე არანაკლებ სკანდალური ამბავი:

აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივ წარმომადგენლებსა (ქართული მხარე) და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსანთა შორის რამდენჯერმე შედგა შეხვედრა, სადაც განიხილავდნენ მარნეულის წყალმომარაგების ტენდერთან დაკავშირებით საკითხებს, უფრო კონკრეტულად კი, ამ შეხვედრებზე წყდებოდა რომელ კომპანიას მიანიჭონ ტენდერში უპირატესობა. რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოეჩვენოს მაია ცქიტიშვილს, ყველა შეხვედრის შესაბამისი დამადასტურებელი ჩანაწერი არსებობს! ვინ ჩაწერა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ჩანაწერი არსებობს და როგორც წყარო გვეუბნება არც თუ ისე ხელწამოსაკრავმა უწყებამ „გააიმასქნა“ეს ამბავი. ეს უწყება რას ელოდება არ ვიცით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება!

„თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებებსა და გაურკვევლობის პარალელურად, მოხდა ერთი „გადაცდომა“, რამაც აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისი, პირდაპირი გაგებით, შოკში ჩააგდო!

საქმე ისაა, რომ სატენდეროდ დალუქული დოკუმენტაცია ბანკის სახელით (!) გატანილ იქნა. რა არის ამ ქმედებაში შოკისმომგვრელი? საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში შექმნილია სატენდერო კომისია, რომელიც განიხილავს ამა თუ იმ ტენდერში მონაწილეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, დოკუმენტაციის დამუშავების უფლება და შესაბამისად დოკუმენტაციასთან წვდომა მხოლოდ ამ კომისიას აქვს. „თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის ეკატერინე გალდავას უშუალო მოთხოვნით „ჩახსნილ“ იქნა კომისია და როგორც გვეუბნებიან, ამ დოკუმენტაციას განიხილავს არა კომისია, არამედ ვინმე მალხაზი (გვარს შეგნებულად არ ვწერთ, მაგრამ აუცილებლად დავწერთ როცა სათანადო ჩანაწერებს გამოვაქვეყნებთ).

ამ ფაქტის შესაფასებლად აზრს კარგავს ისეთი ტერმინები, როგორიცაა ობიექტურობა, გამჭვირვალობა, კანონის დაცვა და ა.შ. აზრს კარგავს ასევე აზიის განვითარების მისიის სათავო ოფისის პოზიცია – ეს არის კანონდარღვევა. მეტიც, როდესაც ამ მაქინაციების შესახებ ინფორმაცია იქნა მიწოდებული აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისის არარიგითი წარმომადგენლისათვის, „თაიმერისათვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ პირმა განაცხადა – ჩათვალეთ რომ ეს არ ვიცი. ვფიქრობთ აქ კომენტარი ზედმეტია. შეფასებაც!

და ბოლოს, „თაიმერის“ წყაროს თქმით, მამუკა ბახტაძემ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ახლა გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დროის საკითხია. წინასაარჩევნოდ მმართველ ძალას ხელს არ აძლევს ამ სკანდალით მაია ცქიტიშვილის თანამდებობიდან წასვლა. ცქიტიშვილის წინამორბედი კი გაუშვეს „პარაშუტით“ და ალბათ ცქიტიშვილსაც ეს ბედი ელის, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ საჭირო დროს, საჭირო მომენტამდე მაია ცქიტიშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში გადაიყვანენ. აი, ახალ სამსახურს შექმნიან ცქიტიშვილისთვის (ისე, როგორც ეს ჭოლაძის შემთხვევაში მოხდა), თუ ვინმეს „სასწავლებლად გაუშვებენ“ მაიას ხათრით, ამას მომავალი გვიჩვენებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა განმარტა რატომ ჰქონდათ “გრუს ჰაკერებს” ჰააგაში სპეცტექნიკა
შემდეგი სტატიაფონდ “იავნანას” საქმე – პაატა ბურჭულაძე გერმანიაში საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებას გეგმავს