მაია ცქიტიშვილი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს ოლაფ ციმელკას შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს ოლაფ ციმელკას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა მიმდინარე და სამომავალო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები – გრიგოლ კაცია, მზია გიორგობიანი, KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორი და პროექტების კოორდინატორი.

KfW-დაფინანსებით, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მოწყობა იგეგმება. მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პირველი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია იმერეთის რეგიონში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა/მოწყობა და ძველი, არსებული ნაგავსაყრელის დახურვა. ამ ეტაპზე, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულების სტადიაშია და მშენებლობის შესახებ კონტრაქტის ხელმოწერა უახლოეს პერიოდში იგეგმება.

მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები.

KfW-ს და EBRD-ის თანადაფინანსებით, ასევე იგეგმება მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა III-ის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ევროპული სტანდარტის სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას.

გარდა მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტების დაფინანსებისა, KfW დააფინანსებს იმერეთის (სამტრედია, ბაღდათი, ვანი) და ყაზბეგის რეგიონში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას. პროექტი, ასევე ითვალისწინებს აღნიშნული რეგიონების განვითარების თვალსაზრისით მულტისექტორულ ჭრილში სხვადასხვა ტურისტული და მუნიციპალური პროექტების დაფინანსებას. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შესახებ კონტრაქტები ხელმოწერილია და დაწყებულია მათი მოსამზადებელი სამუშაოები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის საქვეუწყებო ორგანიზაციებთან მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

banner
წინა სტატიაშიძალიან ბევრი რამ ხდება საქართველოში, თუმცა სოციალური მდგომარეობა ჯერ კიდევ რთული რჩება
შემდეგი სტატიაგერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საოკუპაციო ხაზთან მივიდა