მაია ცქიტიშვილი – გაორმაგებულია ადამიანების რაოდენობა, რომელთაც 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება აქვთ

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის განახლებაში 2021-2024 წლებში ორ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა რუსთავში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„დაგეგმილი გვაქვს არაერთი დასახლების წყალმომარაგების უზრუნველყოფა, 2013-2020 წლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილმა სახსრებმა მილიარდ 457 მილიონი ლარი შეადგინა, ამ პერიოდის განმავლობაში 48 მუნიციპალიტეტში 750 პროექტი განხორციელდა და მხოლოდ წყლის კომპანიის საქმიანობის შედეგად ჩვენს რეგიონებში გაორმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც აქვს დღეს უწყვეტი წყალმომარაგება“, – განცხადა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ2012 წელთან შედარებით სექტორის დაფინანსება 10-ჯერ არის გაზრდილი. მისი თქმით, ასევე გაორმაგებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება აქვთ.

„ამ პროექტების განხორციელების შედეგად, რომელიც შეეხება ძალიან ბევრ დასახლებას და ქალაქს, ჩვენ შევძლებთ, 2024 წლისთვის ჩვენი მოსახლეობის 77 პროცენტს, ორ მილიონ 850 ათას ადამიანს ჰქონდეს წვდომა გამართულ წყალმომარაგებაზე. ამ მიმართულებით ბევრი გავაკეთეთ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. უკვე 2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება საგრძნობი პროგრესი სხვადასხვა რეგიონში. დასრულებული პროექტების შედეგად, ქუთაისის, ზუგდიდის და ჭიათურის მოსახლეობას უკვე შეეძლება, დაინახოს დიდი კონტრასტი, იმასთან შედარებით, რაც ექნებათ და რაც ჰქონდათ მანამდე“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი – მაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც მგზავრობის დროის შემცირების, ისე უსაფრთხოების სტანდარტისა და ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდისთვის
შემდეგი სტატია„აჭარა ტექსტილის“ დირექტორი – პრემიერმა რამდენჯერმე აღნიშნა და სავსებით ვეთანხმებით, რომ „ლოკდაუნი“ არ განიხილება