მაია ცქიტიშვილი – ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან იყო ლეგიტიმური, შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 24, 2019 16:58

მაია ცქიტიშვილი – ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან იყო ლეგიტიმური, შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუნდში სერიოზული მსჯელობა არ ყოფილა.

გუნდში არის სრული კონსენსუსი და მიაჩნიათ, რომ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას.

მაია ცქიტიშვილის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებში სრული პასუხისმგებლობის შინაგან საქმეთა სამინისტროზე გადატანას, მაშინ, როცა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მოუწოდეს სრულიად მშვიდობიანი განწყობით მშვიდობიანი პროტესტის დასაფიქსირებლად მისულ მოქალაქეებს დესტრუქციული მოქმედებებისკენ.

„ყველამ ვიხილეთ, რომ, სამწუხაროდ, მშვიდობიანი პროტესტი გაცდა მშვიდობიან ფორმატს. ვიხილეთ მომიტინგეების გარკვეული ნაწილისგან მომდინარე ძალიან დიდი ძალადობა და ასევე ვიხილეთ, თუ რამდენი საათის განმავლობაში რა მაღალი სტანდარტით იცავდა პოლიცია საკუთარ თავს და სახელმწიფო ინსტიტუციას. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, რადგან მოვლენები ძალიან დინამიურად ვითარდებოდა, პოლიციას მოუწია ამ აგრესიის შეჩერება,“- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, არც აქციის ღამეს და არც მეორე დღეს, არც ხელისუფლების და არც სახალხო დამცველის მხრიდან, აქციის შეჩერების ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძალის გამოყენების ლეგიტიმაციის საკითხი არ დამდგარა.

„ყველა თანხმდება, რომ ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან იყო ლეგიტიმური. შესაბამისად, რაიმე სახის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას. პირიქით, აქ საუბარია იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო აგრესიის შეჩერება და მასობრივი არეულობისგან ჩვენი საზოგადოების დაცვა, ხოლო იმ ცალკეულ შემთხვევებზე, სადაც ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, როგორც დღეს პროკურატურამაც განაცხადა, იქნება რეაგირება და ამის ნება და მზადყოფნა გვაქვს. ჩვენ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ სამართლებრივ ჭრილში, სამართლებრივ ჭრილში კი, ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით გამორიცხულია,“- განმარტა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, იმ პირების მიმართ, რომლებიც მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს ძალადობრივი ქმედებებისკენ, უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება მიმდინარეობს უშუალოდ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ცალკეულ ფაქტებზეც და მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება ჩატარდეს უმაღლესი სტანდარტით, მოქალაქეებისა და ჯანსაღი პოლიტიკური ძალების ჩართულობით, რათა მისი შედეგების მიმართ არავის ქონდეს რაიმე ეჭვი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 24, 2019 16:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics