მაია ცქიტიშვილი – ანაკლიის პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი

ანაკლიის პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი, აუცილებლად გავმართავთ შეხვედრას სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თემის კომენტირებისას განუცხადა.

​ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დიალოგის პრობლემა მათ არ აქვთ.

„ალბათ გახსოვთ, რომ მე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პარლამენტში ვიმყოფებოდი, როგორც მინისტრის საათის ფორმატში, ასევე სპეციალურად და ცალკე უშუალოდ ანაკლიის თემასთან დაკავშირებით მოსმენის რეჟიმში.

კიდევ რამდენჯერმე, როდესაც მქონდა პარლამენტში გამოსვლის საშუალება, ასევე არაერთი დებატი, არაერთი ეთერი, ღია განცხადებები მქონდა ანაკლიის თემასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვიჭირს ანაკლიის პროექტზე ღია და საჯარო საუბარი.

გარდა ამისა, ასევე გახსოვთ, რომ ჩემი მხრიდანაც იქნა შეთავაზება გაკეთებული მამუკა ხაზარაძისთვის, რომელიც, რაც უნდა ითქვას, მაინც არის ძირითადი წარმომადგენელი ანაკლიის კონსორციუმის. ასევე, მქონდა შეთავაზება უშუალოდ მამუკა ხაზარაძისთვის ღია სატელევიზიო დებატების შესახებ, რაზეც მივიღეთ უარი. ახლა არის ის დრო, როდესაც ჩვენ კონსორციუმთან გვაქვს სამუშაო შეხვედრების ფორმატი და არასდროს გვქონია დიალოგის პრობლემა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, არასდროს გვქონია მათთან შეხვედრების პრობლემა და ჩვენ ერთად უშუალოდ ვთანხმდებით ამ კვირის განმავლობაში იმ დროზე, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები.

ამდენად, ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი, არ სჭირდება პარლამენტში ღია განხილვა და ღია შეხვედრის მოწყობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის. ჩვენ ამ შეხვედრას აუცილებლად გავმართავთ, აუცილებლად გავმართავთ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, სადაც შევეცდებით მოვძებნოთ ორივე მხარისთვის, ამ პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი გამოსავალი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – რაც უფრო მალე აღდგება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ