19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

მაია ბუწაშვილი: როდესაც ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა, ქვეყნის მთავარი ჯანდაცვის დაწესებულებები მუდმივად განახლებად ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ მოსახლეობას და ჯანდაცვის მუშაკებს

როდესაც ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა (outbreak) და ბაღების მოვლენა სწორედ ასე კვალიფიცირდება, ქვეყნის მთავარი ჯანდაცვის დაწესებულებები მუდმივად განახლებად ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ მოსახლეობას და ჯანდაცვის მუშაკებს,- წერს ექიმი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

,,ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდებზე ჩამუჩუმი არ ისმის მიმდინარე ეპიდაფეთქების შესახებ.
შედარებისთვის, აშშ და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრების საიტებზე (cdc; ecdc), როდესაც მიმდინარე ეპიდაფეთქებაა, მთავარ გვერდზე დევს ხოლმე მუდმივად განახლებადი ინფორმაცია იმ დროისთვის პაციენტების რაოდენობის, ჩატარებული ეპიდ- და ლაბორატორიული კვლევების წინასწარი თუ საბოლოო შედეგების შესახებ და ასევე გაფრთხილება/რეკომენდაციები.

პაციენტების, ასევე უსიმპტომო ბავშვების მშობლებს და მთელ საზოგადოებას უამრავი კითხვა აქვს. მაგალითად, აქვთ თუ არა რისკი სხვა ბავშვებს, ან პაციენტების ოჯახის წევრებს.

ჩვენ, ექიმები, ამ კითხვებზე ვერ ვპასუხობთ, რადგან შესაბამისი დაწესებულებებისგან კომუნიკაცია არ არსებობს. შეიძლება ყველა ინფექციაზე თუ ტოქსინზე ჯერ არა, მაგრამ მთელი რიგი ლაბორატორიული კვლევების შედეგები და წინასწარი მონაცემები უკვე ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მინიმუმ რა გამოირიცხა, ამაზე მაინც უნდა იდებოდეს განახლებული ინფორმაცია. თუნდაც იმას რომ თავი დავანებოთ, ვის რა ბრალეულობა აქვს, სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ინფორმირება”,-წერს ექიმი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

მთავარს თბილისის რამდენიმე საჯარო საბავშვო ბაღის მშობლებმა ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ აცნობეს. როგორც ისინი გვიყვებოდნენ, გვიან ღამით საავადმყოფოებში მოზარდები პირღებინებითა და მუცლის ტკივილით შეიყვანეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ბაღი დღეს დილიდან დაიკეტა. მშობლებს არ აქვთ პასუხი, რას შეიძლება გამოეწვია ბავშვების სავარაუდო მოწამვლა. მათივე ინფორმაციით, მოწამლულია 20-ზე მეტი ბავშვი. რაც შეეხება ბაღებს, საიდანაც ბავშვები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს, როგორც მშობლები ამბობენ, მათ შორისაა, თბილისის 109-ე, 124 -ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე, 22-ე, 59-ე საბავშვო ბაღები. მთავარის ინფორმაციით, ბავშვები მარნეულის და წყალტუბოს საბავშვო ბაღებშიც მოიწამლნენ.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა – უწყებამ ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაში21-ე საჯარო სკოლის მშობლები განათლების სამინისტროში შეხვედრისთვის დაიბარეს
შემდეგი სტატია“ძლიერი საქართველო”- დედოფლისწყაროს #1 სკოლა, რომლის მშენებლობისთვის 15.9 მილიონი გამოიყო, ახალი სასწავლო წლისთვის ვერ გაიხსნა