დაავადებათა კონტროლის ცენტრის გავრცელებულ განცხადებას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ეხმაურება.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ ბაღების ეპიდაფეთქება დაკავშირებულია ნოროვირუსთან.
ეს ნიშნავს, რომ ამჟამად უკვე უნდა გვქონდეს მეორადი შემთხვევები, ანუ ოჯახის წევრების/ახლობლების ინფიცირება, რადგან ნოროვირუსი ძალიან ადვილად გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე ფეკალურ-ორალური გზით. ასევე შესაძლებელია ინფიცირება დაბინძურებული ზედაპირებიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ ნოროვირუსის ეს აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში. შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა ჩვეულებრივ გავრცელებული ინფექცია. ახლა სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული. ხშირ შემთხვევაში ასეთი ფაქტები უკავშირდება ინფიცირებული ადამიანის მიერ საკვების მომზადებას ან შეფუთვას ან ნებისმიერ კონტაქტს საკვებთან.
სასწრაფოდ გამოსაკვლევია (უფრო სწორად უკვე უნდა იყვნენ გამოკვლეულები) ყველა ის პერსონალი, რომელიც მუშაობს ბაღების საკვებით მომარაგების დაწესებულებებში. ვირუსის არსებობა განავალში აღმოჩენადია 2 კვირა. შესაბამისად, ახლა ადვილია ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა.
ან შეიძლება უკვე მანამდე ინფიცირებული საკვები მოხვდა ბაღის დისტრიბუტორებთან. მოკლედ, ახლა ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს, ხომ არ არის ინფიცირებული პროდუქტი ისევ გამოყენებაში სადმე“,- წერს მაია ბუწაშვილი.
ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით 100-ზე მეტ ბავშვს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
18 სექტემბერს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, 7 საჯარო ბაღში ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.















