მაია ბითაძემ და სოზარ სუბარმა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მონაწილეობა მიიღეს პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამართული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაში.

მაია ბითაძემ და სოზარ სუბარმა კონკურსის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ნომინაციაში „სუფთა ქალაქი/დაბა 2021“-ის გამარჯვებულებს, ქალაქ ლაგოდეხის და დაბა მესტიის წარმომადგენლებს ჯილდოები გადასცეს.

მაია ბითაძის განცხადებით, 2015 წელს, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიღება იყო გარდამტეხი პერიოდი, როგორც სამართლებრივი კუთხით, ასევე, მოქალაქეების ქცევის შეცვლის თვალსაზრისით.

„ძალიან საამაყოა, რომ დღეს გვაქვს სამთავრობო გეგმა ნარჩენების მართვის კუთხით და ასევე, თითოეული მუნიციპალიტეტი მუშაობს და ამტკიცებს ნარჩენების მართვის გეგმებს.

მიხარია, რომ კონკურსის, რომელიც უკვე მეექვსედ ტარდება, ნომინაციების რიცხვი გაიზარდა. ასევე, სასიხარულოა, რომ არის გარკვეული კონკურენცია და არის მუნიციპალიტეტების მოთხოვნა შესაბამის საბიუჯეტო დაფინანსებაზე იმიტომ, რომ მზარდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გარეშე, შესაბამისი აღჭურვის გარეშე ძნელია რიგით ადამიანს მოთხოვო, რომ მან ნარჩენი სწორად მოიშოროს. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და ყველაზე საამაყო ის არის, რომ პარლამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი სოზარ სუბარი ერთობლივად ვმუშაობთ, რომ დავსახოთ ახალი სამართლებრივი სივრცეები, განვსაზღვროთ ახალი ღონისძიებები ინერტული ნარჩენების მართვის კუთხით, დავხუროთ ძველი ნაგავსაყრელები და ვიზრუნოთ ახლების გახსნაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი – დავიწყოთ სეპარირების მნიშვნელოვანი პროცესი, სადაც უკვე სამთავრობო და მუნიციპალურ სტრუქტურებთან ერთად ბიზნეს სექტორიც იქნება აქტიურად ჩართული, ვიფიქროთ იმაზე, რომ ნარჩენებისგან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ენერგია, გადავამუშაოთ ხელახალ პროდუქტად და ნარჩენი ჩავრთოთ ეკონომიკურ ბრუნვაში“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

მისი თქმით, რეალურად, ბოლო 10 წლის განმავლობაში რადიკალურად არის შეცვლილი მიდგომები და ამ პროცესს საერთაშორისო პარტნიორები ძალიან დიდ დახმარებას უწევენ.

„რომ არა მათი მხარდაჭერა, რომ არა, მაგალითად, ჩვენი დღევანდელი პარტნიორის -შვედეთის მთავრობის აქტიური მხარდაჭერა ნარჩენების მართვის კუთხით, ჩვენ, ალბათ, ამ რთულ პროცესს ასე სისტემურად ვერ შევეჭიდებოდით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

სოზარ სუბარის განცხადებით, ქვეყნაში, ნარჩენების მართვის კუთხით, ბოლო წლებში მართლაც ბევრი რამ გაკეთდა და კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი.

„ერთი მხრივ, ძალიან ლამაზი ღონისძიებაა და ძალიან წამახალისებელი თითოეული რეგიონისთვის და თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, შორს ვართ იმ სასურველი შედეგისგან, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ნარჩენების მართვის კუთხით, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და იმედი მაქვს, რომ ყოველი შემდეგი კონკურსი სულ უფრო ახალ – ახალ მიღწევს გამოავლენს“, – აღნიშნა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

banner
წინა სტატიაშიარ ვარგა ყველაფრის პოლიტიკურ პარტიებზე გადაბრალება, მათი დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვერ მონახეს სხვა პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაპოლონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პროკურატურამ რუსეთის საელჩოს ანგარიშები დაუბლოკა