მაია ბითაძე: საკანონმდებლო პაკეტით დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის სრულყოფილად განხორციელებისათვის აუცილებელი საკითხები დარეგულირდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილები თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტით ისეთი საკითხები დარეგულირდება, რომელიც აუცილებელია დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის სრულყოფილად განხორციელებისათვის.

კანონპროექტის თანახმად, ტაქსის (M1 კატეგორია) მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ ადგილას მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან/და ავტომობილიდან გადმოსხდომის მიზნით იმოძრაონ ან გაჩერდნენ.

მაია ბითაძის განცხადებით, ეს ადგილები ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ ხელი არ შეუშალოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას.

მისი თქმით, ცვლილებების მეორე ნაწილი ემსახურება დედაქალაქის საპარკინგე ადგილებზე გაჩერების საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრას.

კერძოდ, პროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 ლარისა. პროექტის თანახმად, მიწისზედა ელექტროტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით, საბაგირო გზით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით უფასო მგზავრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

მაია ბითაძის განცხადებით, გარდა კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურისა ცვლილებები ითვალისწინებს საჯარიმო ქვითრის ელექტრონული ფორმით სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის გაგზავნას.

კანონპროექტების ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.

წინა სტატიაშიკომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაეროს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიშები მოისმინეს
შემდეგი სტატიარუსეთმა უკრაინასთან მოლაპარაკებებს ომის გზა არჩია – კულება