მაია ბითაძე ოპოზიციას: ცდილობთ ყველაფერი შავ ფერებში წარმოაჩინოთ და შექმნათ ხელოვნური პოლიტიკური ტურბულენტობა ვითომდა დემოკრატიის დაცვის მოტივით. ეს ასე არ გამოვა, ნუ გინდათ სხვის ხარჯზე ხელისუფლებაში მოსვლა

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა, ყველამ, ვინც ჩართულია ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგში, ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო ძალიან წარმატებით და პირნათლად ასრულებს ყველა ვალდებულებას, უფრო მეტიც, გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტები ყველა იმ კანონმდებლობაში, რომლებიც შემუშავებული გვაქვს, თქვენ ცდილობთ, რომ ეს ყველაფერი შავ ფერებში წარმოაჩინოთ და შექმნათ ხელოვნური პოლიტიკური ტურბულენტობა ვითომდა დემოკრატიის დაცვის მოტივით. ეს ასე არ გამოვა, ამას ისტორია შეაფასებს, და ძალიან გთხოვთ, ნუ გინდათ სხვის ხარჯზე ხელისუფლებაში მოსვლა. თქვენც მიიღეთ მონაწილეობა ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაში“, – მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ოპოზიციას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე პარლამენტში გამართული პოლიტიკური დებატებისას.

მისი შეფასებით, ოპოზიციამ კი მოითხოვა ევროკავშირთან დაკავშირებით დებატები, მაგრამ მათ გამოსვლებში გახმოვანებული საკითხები ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებასთან კავშირში საერთოდ არ არის.

„ევროკავშირთან დებატები მოითხოვეთ და რაც დაიწყო თქვენი მხრიდან ვისმენთ საკითხებს, რომელიც ირიბად, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან კავშირშია, მაგრამ სიტყვა არ მომისმენია ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებაზე. ევროკაშირი არ არის მხოლოდ „საუბრების კავშირი“, ევროკავშირი არის ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირი, სადაც მათ შორის, გარემოს დაცვას, დემოკრატიის სხვა და სხვა მიმართულებას ძალიან დიდი ადგილი უკავია. ერთ გეტყვით, ღრმად მწამს, ოდესღაც შეგრცხვებათ ყველა იმ საჯარო მოხელის, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრს აკეთებდა იმისთვის, რომ ყოფილიყო ვიზა-ლიბერალიზაცია და ყოფილიყო ის, რომ ასოცირების ხელშეკრულება ასეთი პროცენტული ოდენობით ყოფილიყო შესრულებული. არ შეიძლება ადამიანების დაკნინება და ხაზის გადასმა მარტო იმიტომ, რომ შენ არ ერკვევი. ჯერ უნდა გაერკვე და მერე ისაუბრო პუნქტობრივად იმ მუხლებთან მიმართებით, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებაშია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში თვისობრივად ახალი სამართლებრივი რეჟიმი შეიქმნა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ეს მიმართულება საერთოდ იყო დერეგულირებული.

„მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვა თავის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების ორ უმსხვილეს თავშია ასახული – ეს არის გარემოსდაცვითი მმართველობა და კლიმატის ცვლილება. 25 დირექტივიდან 12 დირექტივა სრულად არის იმპლემენტირებული და ეს ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის. რომ არაფერი ვთქვათ გარემოსდაცვითი მმართველობის იმ სტანდარტებზე, რომელიც დადგინდა სრულიად ახალი კანონმდებლობით – ეს არის გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც მოსახლეობის ჩართულობის, ინფორმირებულობის ძალიან მაღალ სტანდარტს ქმნის. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონი შეიქმნა, რომელიც გარემოს აღდგენის საკომპენსაციო ფონდს ქმნის – ეს არის ახალი ერა ინდუსტრიული განვითარების, ის, რასაც ევროკავშირი დიდი ხანია იყენებს“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ძალიან ბევრი რამ კეთდება სექტორალური მიმართულებით, მათ შორის, ბევრი გაკეთდა ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების მართვის, ნარჩენების მართვის კუთხით, თუმცა, მისივე თქმით ოპოზიცია ამით არასოდეს დაინტერესებულა და ცდილობს საზოგადოებას ყველაფერი შავ ფერებში დაანახოს.

„საუბარი იყო თითქოს ტყის, წიაღის გაყიდვა არის ევროპული სტანდარტი, არ არის ეს ევროპული სტანდარტი, არსად წერია ასოცირების ხელშეკრულებაში. უფრო მეტიც, ტყის კოდექსი მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ადგენს. წიაღის რეფორმაზე ევროკავშირთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა და გვექნება ახალი კანონი წიაღის დაცვის სფეროში. მივიღეთ ნარჩენების კანონმდებლობა, რომელმაც „მწვანე ეკონომიკაში“ ახალი კარები გახსნა და, მათ შორის, კლიმატის ცვლილების, ენერგიის აღდგენის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა მათ შორის თევზჭერის საკითხების რეგულირების კუთხით, უმნიშვნელოვანესი იყო რეფორმა, რომელიც გატარდა ბირთვული და რადიაციული კუთხით, აღდგა ჰიდროლოგიური მონიტორინგის ქსელი, რომელიც მომსპარი და გაუბედურებული იყო. ეს ყველაფერი ხსნის გზას მეტი ეკონომიკურ ურთიერთობისთვის ევროკავშირთან, სადაც საზოგადოების მონაწილეობა უკვე ჩვენი კანონმდებლობით არის გარანტირებული“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ბევრი მონაცემით წინ უსწრებს ბალკანეთის ქვეყნებსაც, რომელთაც კანდიდატის სტატუსი აქვთ
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილმა ომის კონტექსტში ახსენა, შანსები გაგვიჩნდაო, ნათელია, რა არის მათი რეალური მიზანი, ძალიან მძიმეა, როცა ასეთი ადამიანები არიან დღეს ქართულ პოლიტიკაში – კობახიძე