მაღალმთიანი დასახლებებისთვის გათვალისწინებული შეღავათებით კიდევ 15 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს

მაღალმთიანი დასახლებებისთვის გათვალისწინებული შეღავათებით კიდევ 15 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს, – გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მეშვიდე სხდომაზე მიიღეს, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას დაემატება სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების 15 სოფელი, კერძოდ – საკირე, ტაძრისი, ხანი, ლიჩი, მუხურა, მელუშეეთი, ბეგიაური, მანდაეთი, წყალშავი, ზვარე, ჩრდილი, საწისქვილო, გედსამანია, ღოღეთი და ბრდაზორი.

„მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ ასევე მოიწონა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2018-2022 წლების სტრატეგია“-ის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ წარადგინა 2017 წლის ანგარიში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობის თაობაზე.

2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გათვალისწინებული შეღავათების გასაწევად, სულ გამოიყო 66 160 379.56 ლარი. აღნიშნული შეღავათებით ისარგებლა 7 272-მა ოჯახმა, რომელთაც 2017 წლის განმავლობაში შეეძინათ შვილი; 69 803-მა პენსიონერმა; 14 150-მა სოციალური პაკეტის მიმღებმა; 574-მა ექიმმა და 989 ექთანმა; 11 395-მა პედაგოგმა; 295-მა სპორტის სფეროში დასაქმებულმა მწვრთნელმა; 77 973-მა ოჯახმა – მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათით.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა ოჯახებმა, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს 15 კუბური მეტრი შეშით სარგებლობის უფლება. საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იყო ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა და მეწარმე სუბიექტებმა ასევე ისარგებლეს გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათებით“, – აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოს წამყვანი ონკოლოგები “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” გუნდს უერთდებიან
შემდეგი სტატიაპირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო