მაღალმთიან რეგიონებში სოციალური შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს

მაღალმთიან რეგიონებში სოციალური შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. აღნიშნულს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც ხვალ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.

განმარტებითი ბარათის თანახმად, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები არ მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს და შემოიფარგლება მხოლოდ ამავე დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლებით, რაც არასაკმარისია.

„დღევანდელი რედაქციით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის (სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი ითვალისწინებს დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის მიცემას პირთა შეზღუდული წრისთვის, რაც სრულად ვერ უზრუნველყოფს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევას,“ – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს დაემატება შემდეგი კატეგორია: მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.

განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლებში არსებობს კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების სერიოზული პრობლემა და სოციალური შეღავათით მოსარგებლე პირების წრის გაზრდა პირდაპირ შეუწყობს ხელს, მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების პრობლემის გადაჭრას.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების შედეგად საჭირო გახდება, წელიწადში დაახლოებით 5.000.000 ლარის გამოყოფა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, მირიან წიკლაური, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, რუსლან პოღოსიანი, ირაკლი აბუსერიძე, ზაზა პაპუაშვილი

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – პრეზიდენტის ინაუგურაციის გასამართად თბილისის გარდა, სხვა ქალაქებიც განიხილება
შემდეგი სტატიარურუების ოჯახში მისასამძიმრებლად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა