“მაღალმთიან რეგიონებში მასწავლებლებს, ექიმებსა და ექთნებს სახელფასო დანამატი ექნებათ”

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, მაღალმთიანი რეგიონის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში, ცალკე ფონდი შეიქმნა.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გარდა ფონდში არსებული 20 მილიონისა, გადაწყვეტილია, რომ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებითი სოციალური შეღავათები დაწესდეს, რომელიც ამ 20 მილიონის ნაწილი არ არის.

“მოგეხსენებათ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს ახალი ფონდის შექმნას. ფონდში იქნება 20 მილიონი ლარი. გადაწყვეტილია, რომ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის იქნება დამატებითი სოციალური შეღავათები, რომელიც არ არის ამ 20 მილიონის ნაწილი. ეს არის პენსიაზე დანამატი, მასწავლებელთა ხელფასზე დანამატი, ექიმებისა და ექთნების ხელფასზე დანამატი. გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე გამოვიტანეთ საკითხი, მაღალმთიანი რეგიონებში საწარმოების სტატუსის შესახებ. თქვენ იცით, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს, რომ მაღალმთიან რეგიონებში მოღვაწე საწარმოების ნაწილს სფეროების მიხედვით საგადასახადო შეღავათები ექნება. ესეც ერთგვარი სტიმული იქნება, რომ მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკა განვითარდეს და მოსახლეობის სოციალური დონეც გაიზარდოს”, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ხადურმა აღნიშნა, 2016 წლის ბიუჯეტი პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღევანდელმა მთავრობამ აიღო სამი წლის წინ.

“ეს არის ბიუჯეტი, რომელიც სრულად ითვალისწინებს როგორც რეგიონში არსებულ მდგომარეობას, ისე საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას და სრულად პასუხობს იმ პრიორიტეტებს, რომელიც თავის დროზე სამი წლის წინ აიღო მთავრობამ”, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„მნიშვნელოვანია ის პროცესები, რაც რამდენიმე წელია მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდეს“
შემდეგი სტატია“რუსეთ-თურქეთის მოვლენები ძალიან სახიფათოა”