მაღალმთიან აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

მაღალმთიან აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. სტიქიის შედეგებს ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გაეცნო.
გუშინ, საღამოს 8 საათიდან შუახევის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მოვიდა ძლიერი წვიმა, რასაც მოყვა მეწყერის ჩამოწოლა ღომას მთის ხეობაში. მიწის ნაშალმა წყალმოვარდნები და მდინარის კაპალოტის გასწვრივ რამდენიმე ადგილას მცირე ზომის მეწყერული მოვლენების განვითარება გამოიწვია. სტიქია განსაკუთრებით ძლიერი იყო უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში, რიგ ადგილებში განვითარდა ღვარცოფები, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. მოვარდნილმა მდინარემ უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში წაიღო ქვაფთის ხიდი და ცენტრალურ გზას მოწყვიტა ოთხი სოფელი: წაბლანა, სამოლეთი, მოფრინეთი, ლაკლაკეთი. წყალმა წაიღო აგრეთვე სოფელ კვირიაულში გომიკრის, ოხორთისა და წისქვილიღელის რკინის ხიდები. სოფელ კვირიაულში დაიტბორა უჩამბისწყლის სანაპიროზე მდებარე 10 ოჯახის საკარმიდამო. მეწყერი ჩამოწვა რამდენიმე მოსახლის ეზოებშიც. სტიქიამ სერიოზულად დააზიანა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, გადარეცხა სავალი ნაწილი, ჩასილა წყალგამტარი არხები. განვითარდა ქვათაცვენა და გზებზე გრუნტის ჩამოშლა.
უჩამბის, ჭვანის, ბარათაულის, დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზარალდა მოსახლეობა. ამ დროისათვის უკვე აღდგენილია მიმოსვლა ყველა სოფელთან. დაიწყო სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლისა და სალიკვიდაციო ღონისძიებები.

„დაწყებულია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა. საბოლოო მონაცემები რამდენიმე დღეში გვექნება და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას ანაზღაურებისა და კომოპენსაციის შესახებ“, _ განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ქედაში გუშინ განვითარებული სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე აკავრეთამ სოფელ ოქტომბერში რესტორან ,,დავითის” ინფრასტრუქტურა წაიღო და ზიანი მიაყენა საკალმახე მეურნეობას. მთლიანად დანგრეულია დამაკავშირებელი ხიდი.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ათათურქის აეროპოტრში მომხდარი აფეთქების კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა
შემდეგი სტატიამგზავრთა პირველი ნაკადი სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით 18.10 საათზე გამოფრინდება