“სამწუხაროდ, უკრაინის ეროვნულ ინტერესებს მიადგა ძალიან დიდი ზიანი”, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ლევან დოლიძემ განაცხადა.
„მე დღესაც შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს პროცესი, შესაძლოა, ზიანის გარეშე დასრულდეს უკრაინისთვის. ბუნებრივია, შეფასება ეხება როგორც ტერიტორიულ საკითხებს, ასევე, ზოგადად, სუვერენიტეტთან დაკავშირებულ თემებსაც. ჯერ კიდევ უნდა ითქვას, რომ პროგნოზი ნაადრევია, მაგრამ ის, რომ რთულ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გარემოშია და ვითარებაშია ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს ცხადია“, – განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, როდესაც ომის დასრულების შესაძლო შედეგებზე ვსაუბრობთ, ხშირ შემთხვევაში პროპაგანდა ხაზს უსვამს, რომ რუსეთი იმარჯვებს და ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რუსეთი არის ძალიან კარგ, ხელსაყრელ მდგომარეობაში, მაგრამ როდესაც რუსეთისთვის მოსალოდნელ შედეგებზე ვსაუბრობთ, ანალიზის გაკეთებისას, პირველ რიგში, უნდა ვიმსჯელოთ არა იმ ტერიტორიებზე მხოლოდ, რომლებსაც რუსეთი მოიპოვებს ამ ომის შედეგად, არამედ იმ სტრატეგიულ მიზანზე, რაც გახდა საფუძველი რუსეთის მხრიდან ამ ომის დაწყების.
„ჩვენ, ყველას კარგად გვესმის ალბათ, რომ მხოლოდ ტერიტორიების დაპყრობა რუსეთის სტრატეგიული ამოცანა ან, მით უმეტეს, მიზანი არ ყოფილა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, როდესაც ის ამ პროცესში შედიოდა, ცხადია, იყო, პირველ რიგში, უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა, გავლენის მოპოვება უკრაინის ხელისუფლებაზე და, შესაბამისად, მთლიანად უკრაინაზე. რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა მისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ გაეძლიერებინა თავისი საერთაშორისო იმიჯი და ხაზი გაესვა იმ სტატუსკვოსთვის, რომ ის კვლავაც არის მთავარი და მნიშვნელოვანი აქტორი არ მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური მასშტაბითაც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა იქნება შედეგი ამ პროცესიდან რუსეთისთვის, ბევრ ფაქტორზე უნდა ვიმსჯელოთ. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამ პროცესების კვალდაკვალ მნიშვნელოვნად შესუსტდა რუსეთის პოზიციები, მაგალითად, ცენტრალურ აზიაში. მე ახლა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ცენტრალური აზია პირდაპირ პარტნიორობას დაიწყებს აშშ-თან, ის იქნება მთავარი მოკავშირე და მრავალვექტორული პოლიტიკა, რომელიც მას აქვს, მომავალში აღარ იქნება; რა თქმა უნდა, იქ არის ჩინეთის ინტერესები, იქ არის აშშ-ის ინტერესებიც, რაც, შესაძლოა, უფრო მკაფიოდ, ინტენსიურად გამოიკვეთოს; ცხადია, იქ ბოლომდე არ აღკვეთილა ჯერ რუსეთის ინტერესები, თუმცა ის, რომ გარკვეულწილად შესუსტდა, პირველ რიგში, სწორედ ჩინეთის გაძლიერებით და შემდეგ აშშ-ის გაძლიერებით, ეს ნამდვილად არის გასათვალისწინებელი ფაქტორი“, – განაცხადა დოლიძემ.
როგორც დოლიძემ ასევე აღნიშნა, რუსეთი აცხადებდა, რომ უნდა მოხდეს უკრაინის დემილიტარიზაცია, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, შეიძლება, მოვიაზროთ ერთ-ერთ სერიოზულ შეიარაღებულ ძალებად მთელი ევროპის მასშტაბით და ასევე გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი.
„ეს ცხადია, არ ნიშნავს, რომ ანალიზი, რომელიც მე ახლა შემოგთავაზეთ, აუცილებლად ასე დარჩება, თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა იქნება შედეგი რუსეთისთვის, ამ ფაქტორების გააზრების გარეშე მე არ მიმაჩნია მართებულად, რომ ჩვენ ერთმნიშვნელოვანი დასკვნები გამოვიტანოთ. შესაბამისად, მე მხოლოდ იმის ხაზგასმა მინდა, რომ კვლავაც მაღალია ალბათობა იმის, რომ რუსეთმა ამ ომის შედეგად დაკარგოს გაცილებით მეტი, ვიდრე ის ამ ომის შედეგად მოიპოვებს“, – განაცხადა დოლიძემ.



















