,,მაღალი სტანდარტის პირობებში მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე იყო მიღებული გადაწყვეტილება”-კობახიძე კალანდიას დაკავებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ მაღალი სტანდარტის პირობებში მიიღო.

კობახიძის თქმით, საქმე მხოლოდ პირველი ინსტანციის დონეზე იყო განხილული, ბოლომდე მიყვანილი არ იყო, მეორე ინსტანციის ეტაპზე კი, უკვე ცვლილებებია და ეს ცვლილებები დამატებითმა მონაცემებმა განაპირობა, რომელიც სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით მიიღო. მისივე თქმით, მეორე ინსტანციის ეტაპზე მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეიძლება შეცვლილიყო, გამართლდა.

„დღეს დადგინდა, რომ სასამართლო მაღალი სტანდარტით ხელმძღვანელობს და ამ მაღალი სტანდარტის პირობებში მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე იყო მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული პირის დაკავების თაობაზე. ყველაფერს კონკრეტული საფუძველი სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, სამართალდამცველებს საქმეზე რეკომენდაციები მისცეს და გამოძიებაზე ზედამხედველობასაც ახდენენ.

„ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს რეკომენდაცია მივეცით, რომ სათანადო გამოძიება ეწარმოებინათ შესაძლო პასუხისმგებლობის თაობაზე. ეს რეკომენდაცია კვლავაც ძალაშია. ასევე პასუხისმგებელი ვართ ზედამხედველობაზე და შეგვიძლია, ინფორმაცია დამატებით მოვიკითხოთ, თუ რა ეტაპზეა ამ საკითხის გამოძიება. ამის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს პასუხისმგებლობა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, თუ კონკრეტული გადაცდომა გამოვლინდება – სამსახურებრივი გულგრილობა თუ რაიმე სხვა სამართალდარღვევა, ამ შემთხვევაში, პირების პასუხისმგებლობა დადგება.

„სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი საკითხები არ უნდა წყდებოდეს პოლიტიკური ნების მიხედვით. ეს სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობაა და როდესაც ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადადიოდა, ზუსტად აქ იყო ჩვენი მინიშნება და რეკომენდაცია, რომ ნაცვლად პოლიტიკური დისკუსიისა, სამართალდამცავი ორგანოებისთვის უნდა გვეცლია ამ საკითხის განხილვა. ეს ჩვენი მინიშნება იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დააკავა.

banner
წინა სტატიაში,,სააკაშვილი არ არის იმდენად აქტუალური, რომ მის გამო ერთი ქვეყნის პრემიერი მეორე ქვეყნის პრეზიდენტს ხვდებოდეს”
შემდეგი სტატიაუკრაინაში მთვრალმა პოლიციელებმა ხუთი წლის ბავშვი მოკლეს