მაგდა პაპიძის დედამთილმა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება მოითხოვა

გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის დედამ, დარეჯან მინდიკაურმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება ითხოვა. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, რომ პირმა, რომელმაც ორი ადამიანი დაუნდობლად მოკლა, ყველასთვის საშიშია.
„ვეთანხმები სახელმწიფო ბრალდებას, უნდა შეეფარდოს უვადო პატიმრობა. ადამიანი, რომელმაც ორი ადამიანი დაუნდობლად მოკლა, საშიშია ყველასთვის. მარტო ჩემს ოჯახზე არაა საუბარი, ამიტომ ვითხოვ უვადო პატიმრობას“, – განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა.

მანამდემ კი სახელმწიფო ბრალდებამ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკუთარი შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორმა დავით ნეფარიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბრალდება მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს დანაშაულის სიმძიმიდან, ბრალდებულის პიროვნებიდან და მისი წარსულიდან გამომდინარე.

„ამ ადამიანმა საკუთარი შვილი სიცოცხლეს გამოასალმა, ამიტომ ის იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებისგან“, – აღნიშნა პროკურორმა.
შუამდგომლობა ასევე დააყენა მაგდა პაპიძის ადვოკატმაც. როგორც მარიკა ფხალაძემ აღნიშნა, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტიდან გამომდინარე, მან ვერ დაიცვა მაგდა პაპიძის ინეტერესები, თუმცა ითხოვს, რომ ბარლდებულს სასჯელის მინიმალური ზომა განესაზღვროს.

„მიჭირს საუბარი იმიტომ, რომ ვიცავდი პაპიძის ინტერესებს, თუმცა ვერ დავიცავი. იგი ნაფიცმა მსაჯულებმა საკუთარი შვილის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. მეც დედა ვარ და ნამდვილად ვერ შევძლებდი მის დაცვას, რომ დარწმუნებული არ ვყოფილიყავი, რომ მას შვილი არ მოუკლავს. სასამართლოს ვთხოვ გაიზიაროს იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ახასიათებდნენ მას როგორც დედას, რომელიც საკუთარ შვილს თავზე ევლებოდა და საკუთარი შვილის თვალზე ცრემლს ვერ იტანდა. ამიტომ ვთხოვ სასამართლოს, რომ შეუფარდოს სასჯელის მინიმალური ზომა“, – განაცხადა ადვოკატმა.

რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა.

banner
წინა სტატიაშიგალში IPRM -ის მორიგი შეხვედრა იმართება- ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას საქმეზე მსჯელობას გეგმავს
შემდეგი სტატიასასამართლო ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს