მაგდა პაპიძე მოწმეს: რატომ გამორიცხავთ, რომ ფანჯრიდან გადმოსულიყო ვინმე

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე აცხადებს, რომ მათი ფანჯრის გისოსი დაზიანებული იყო და არ არის გამორიცხული, ფანჯრიდან ვინმე გადასულიყო.

მაგდა პაპიძემ გამომძიებელს, რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, კითხა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში რატომ არ დააფიქსირა დაზიანებული გისოსი.

“როდესაც თორნიკე ჩაიკეტებოდა ხოლმე ოთახში, მეც და ჩემი მეუღლეც ფანჯრიდან არაერთხელ გადავსულვართ. გისოსი იწეოდა, დაზიანებული იყო წლებია და ახლაც იქნება დაზიანებული”–განაცხადა პაპიძემ.

გამომძიებლის განმარტებით კი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გისოსზე დაზიანება არ შეუნიშნავთ.

გამომძიებლის დაკითხვა თითქმის ხუთი საათი მიმდინარეობდა. გამომძიებელ პაატა ნოზაძესთან ადვოკატებს შეკითხვა ჰქონდათ, თუკი ოთახში კედელზე სისხლის ლაქა იყო, რატომ ვერ ნახა დათვალიერებისას და რატომ აღმოაჩინეს თვენახევრის შემდეგ. ასევე, უროზე არსებული სისხლის ლაქის შესახებ ინფორმაცია რატომ არ შეიტანეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში.

გამომძიებლის განმარტებით, ნაგვის ურნაში აღმოჩენილი ნივთების ოქმში შეტანა დეტალურად არ მომხდარა, თუმცა მოხდა ყველა ნივთის დასურათება, ფოტოები კი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი დოკუმენტებია და ოქმში აღრიცხვა აუცილებელი არ არის, ფოტოებში სისხლიანი ურო აშკარად ჩანს. რაც შეეხება კედელზე არსებულ ლაქებს, გამომძიებლის განცხადებით, შპალერი წითელი ფერის იყო და სისხლის ლაქები ვერ დაინახეს.

“როდესაც სისხლი შრება, ფერს იცვლის და ამიტომაც დაინახეს პანაშვიდებზე მეზობლებმა”, -განაცხადა გამომძიებელმა და აღნიშნა, რომ ოთახში, მაგიდის ქვეშ ზოლათ მოწმენდილი სისხლის კვალი ოქმში დააფიქსირეს.

მაგდა პაპიძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის თქმით, პაპიძე ოთახში გასაღების ასაღებად სისხლიანი ხელებით შევიდა და მაგიდის ქვეშ ერთი წვეთი სწორედ ამ დროს დაეწვეთა.

პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, კი პაპიძემ ჩვენებაში სხვა ადგილი მიუთითა, საიდანაც გასაღები აიღო და დივნის წინ, მაგიდის ქვეშ მისი ხელიდან სისხლი ვერ მოხვდებოდა.

პროცესი 22 ივნისს იმ ექსპერტ-კრიმინალისტების დაკითხვით გაგრძელდება, რომლებიც შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და მტკიცებულებების დალუქვაში მონაწილეობდნენ.

banner
წინა სტატიაშიგოჩა სვანიძე: ზურაბ ჭანკოტაძის დაკავების მთავარი მოტივი პოლიტიკას უკავშირდებოდა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ჩვენი გამოწვევაა NATO-ს მიმართ ნდობის საკითხი