“მაესტროში” ცვლილებები და გადაცემების “იმედზე” გადატანა იგეგმება

ტელეკომპანია „მაესტრო“ მაუწყებლობის ფორმატს ცვლის და, სავარაუდოდ, უკვე აპრილიდან 24-საათიან საინფორმაციო მაუწყებლობაზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

​გამოცემის ცნობით, „მაესტროს“ ნიუსრუმი ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში გადადის. უცნობია, თუ რა ბედი ეწევა „მაესტროს“ შენობას და სად დაბინავდებიან სხვა გადაცემები. როგორც სტატიაში წერია, ტელევიზიის ფორმატის ცვლილებას, სავარაუდოდ, კონკრეტული გადაცემების დახურვა ან ახალი გადაცემების სამაუწყებლო ბადეში ჩაშვება მოჰყვება.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, გადაცემა „ბიზნესკონტაქტი“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაინაცვლებს, ტოქშოუს „ცეცხლის ხაზზე“ კი „მაესტრო“ შეინარჩუნებს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად, გაზეთი „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნანა ლეჟავას დაუკავშირდა.„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, უბრალოდ, არ ვიცი და ამიტომ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გიპასუხებთ“, – აღნიშნა ნანა ლეჟავამ.
გადაცემა, რომელიც „მაესტროზე“ ნამდვილად არ დაიხურება, არის „ცეცხლის ხაზი“. „ცეცხლის ხაზის“ პროდიუსერი, ნიკოლოზ ლალიაშვილი არ უარყოფს, რომ ტელეკომპანიის ფორმატის ცვლილებაზე მუშაობა მიდის, თუმცა არ იცის, რა ბედი ეწევა მის გადაცემებს მანამ, სანამ „მაესტროს“ ფორმატი საბოლოოდ არ გახდება ცნობილი.
„ჯერჯერობით არ ვიცი, რა ფორმატით იქნება არხი, ამიტომ ვერ გეტყვით, როგორ გაგრძელდება გადაცემები, რა მიმართულებით განვითარდება და როგორ აეწყობა სამაუწყებლო ბადე“, – განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.
ასევე, გამოცემისთვის ცნობილი ხდება, რომ „მაესტროს“ გენერალური დირექტორი, ზურაბ ნაყეური თანამდებობას ტოვებს. მან არცს საკმაოდ მძიმე და კრიზისულ დროს უხელმძღვანელა, ახლა კი ის ისე მიდის, რომ მემკვიდრესაც არ ტოვებს. მისი პოზიცია, უბრალოდ, უქმდება.
ტელეკომპანიას მენეჯერი, შეზღუდული უფლებამოსილებებით უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშირეგიონებში გაცემული ასი ათასობით პრემია-დანამატი-მედიატორის კვლევა
შემდეგი სტატიამსჯავრდებულთა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს