”მაესტროდან” გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეს საია შეისწავლის

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” „მაესტროს“ გადაცემების – „ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ უფლებამოსილებაშეწყვეტილი თანამშრომლების საქმეს შეისწავლის, – ამის შესახებ საიას და „მაესტროს“ ყოფილი თანამშრომლების სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

„ვაგრძელებთ აღნიშნული საკითხის შესწავლას. ამ პერიოდში, ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემის ბადიდან მოხსნა აზიანებს საზოგადოებას, ვინაიდან, ჩვენი საეთერო ბადე არ არის განებივრებული ასეთი გადაცემების ხილვის შესაძლებლობით. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ძალიან საზიანოა საზოგადოებისთვის. ჩვენ არ ვაფასებთ იმას, თუ როგორ აისახება ეს თავად ტელევიზიაზე, მაგრამ ჩვენთვის, როგორც საზოგადოებისთვის, ვფიქრობთ, რომ არის საზიანო“, – განაცხადა გვარამაძემ.

მისივე თქმით, საია დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ გადაწყვეტს სამართლებრივ დავაში იქნება თუ არა ჩართული.

სამუშაო შეხვედრა „მაესტროდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებსა და საიას წარმომადგენლებს შორის, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისში დღეს გაიმართა.

”მაესტროს” დირექტორის, ზურაბ ნაყეურის ბრძანებით, აღნიშნული გადაცემების 32 თანამშრომელი სამსახურიდან გუშინ გათავისუფლდა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები – პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სისტემის ცვლილებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ
შემდეგი სტატიამურუსიძე ადასტურებს, რომ მოსამართლე გუჯაბიძეზე საჩივარი იყო შესული, თუმცა მას იუსტიციის საბჭომ არავითარი სახდელი არ დააკისრა